მიხაილ გორბაჩოვი პუტინსა და ობამას უკრაინის მძიმე სიტუაციიდან გამოყვანას სთხოვს
საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა დღეს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს ღია წერილით მიმართა და უკრაინის მშვიდობიან გზაზე დაბრუნებაში ჩართვა და წვლილის შეტანა სთხოვა. გორბაჩოვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ბარაკ ობამას და ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყონ და კიევში მოწინააღმდეგე მხარეებს შეთანხმებაში დაეხმარონ. საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში არეულობის მიზეზებს ყველა რუსეთში ეძებს და მისკენ იშვერს ხელს, თუმცა, მისივე განმარტებით, ახლა ამის გამოძიების კი არა, ძალიან საშიში ესკალაციის შეჩერების დროა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლისღვრა. „მეც და რუსეთის თითოეული მოქალაქე ძალიან განვიცდით იმ ყველაფერს, რაც კიევში ხდება. რუსეთი და უკრაინა საუკუნეების განმავლობაში უახლოესი ქვეყნები იყო. საუბარი არა მაქვს მხოლოდ ისტორიულ კავშირზე, არამედ ნათესაურ, სისხლისმიერ კავშირებზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ მძიმე ვითარებას. არ შეიძლება, დავუშვათ, რომ უკრაინელი უკრაინელს ეომებოდეს. აშკარაა, რომ მდგომარეობამ ისეთი სახე მიიღო, გავლენიანი მეგობრების დახმარების გარეშე ქვეყანას ამ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება. ვალდიმერ ვლადიმერის ძევ, პატივცემულო ობამა, მე გთხოვთ, იპოვოთ გამოსავალი და გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომ უკრაინა მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს“,- აცხადებს ღია წერილში მიხაილ გორბაჩოვი.