დავით კიკალიშვილი გადაცემა P.S.-ს ტოვებს – „მიჭირს ამ სიტყვების თქმა“

„პირადი სახის მიზეზის გამო მე P.S.-ის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ტელემაყურებელს „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის ავტორი და წამყვანი დავით კიკალიშვილი.
მან კოლეგებს, ოჯახის წევრებს და მაყურებელს მადლობა გადაუხადა. ახალი სატელევიზიო სეზონიდან გადაცემას ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს.
„პირადი სახის მიზეზის გამო მე P.S.-ის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგან 20 წელზე მეტია მე და თქვენ „რუსთავი 2“-ის არხზე, კვირა დღეს საღამოს 21:00 საათზე P.S.-ის ეთერში ვხვდებით.
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20-წლიან მეგობრობაში.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისგან, მათ ვინც დიდი თმენითა სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ, P.S.-ის მაყურებელი – თქვენი ერთგულების გარეშე გადაცემის ისტორია ვერ შედგებოდა, ამიტომ ამისათვის უღრმესი მადლობა.
მე დარწმუნებული ვარ P.S.-თან მეგობრობა გაგრძელდება, რადგან ამ გადაცემაში ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს“, – აღნიშნა კიკალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები