მიხეილ სარჯველაძემ, იმერეთის რეგიონის შინმოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პროგრამის მიმდინარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე, იმერეთის რეგიონში, შინ მოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, უკვე მიღწეული შედეგები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
“შინ მოვლის პროგრამა მიზნად ისახავს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანებია: ინსტიტუციონალიზაციის და ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, ბენეფიციართა სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახების მხარდაჭერა.
მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება.
მინისტრმა მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შესრულებული პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ოჯახების მხარდაჭერას ემსახურება.
ამასთან, მინისტრის თქმით, მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ეფექტიანი თანამშრომლობა, რაც იმერეთის რეგიონში წარმატებით ხორციელდება.
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან აღინიშნა, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა.
შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ლევან ზალკალიანი და მისი პირველი მოადგილე – მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.