თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და საბალეტო დასი ალ ბუსტანის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
24 იანვარს, 12 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და საბალეტო დასის ბეირუთში (ლიბანი), ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჭეიშვილი, მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ორკესტრის მთავარი კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე, მოწვეული სტუმრები. ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. 18 თებერვალს ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. სოლისტის ამპლუაში მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარდგება. იგივე პროგრამა 20 თებერვალსაც შესრულდება. 22 თებერვალს, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი სცენაზე ფრანგ მევიოლინე ალექსანდრა სუმთან ერთად გამოვა. პროგრამაშია ფელიქს მენდელსონის უვერტიურა „ჰიბრიდები“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია. ქართულ ორკესტრს ფესტივალის აუდიტორია 26 თებერვალსაც მოუსმენს. ამჯერად შესრულდება უვერტიურა კარლ მარია ვებერის ოპერიდან „ჯადოსნური მსროლელი“, პეტრე ჩაიკოვსკის მეოთხე სიმფონია, სოპრანო ჯოჰანი ფონ ოოსტრუმი იმღერებს რიხარდ შტრაუსის „ოთხ უკანასკნელ სიმღერას“. 28 თებერვალს, ალ ბუსტანის ფესტივალის მსმენელეთა წინაშე ორკესტრი მევიოლინე სერგეი კრილოვთან ერთად წარდგება, სადაც ის პეტრე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს დაუკრავს. ხუთივე კონცერტს ჯანლუკა მარჩანო უდირიჟორებს. წელს, ფესტივალში პირველად მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი. 15 და 16 მარტს მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს – „შოპენიანა“ და „მარგარიტა და არმანი“, სადაც მარგარიტას როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, იგი ასევე იცეკვებს კამილ სენ-სანსის მომაკვდავ გედს. ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი 18 თებერვალს დაიწყება და 23 მარტამდე გასტანს.