შალვა ფიფია აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას ესწრება
მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც ოფიციალური მიწვევით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მონაწილეობს. კონფერენციას წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი შტეფან ფულე ესწრება. კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო ინიციატივების განხილვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის საინტერესოა რეგიონებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განხორციელების საკითხები, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. კონფერენციაზე მონაწილეები სიღარიბის დაძლევისა და სასურსათო უსაფრთხოების თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზეც მსჯელობენ; ასევე, განიხილება მიწის კონსოლიდაციის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებიც, რამაც კრიზისების დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და მოლდოვას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვასილ ბუმაკოვმა ბერლინში, Gruene Woche -ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზეც ისაუბრეს.