ივანე ჩხაიძე: 2016-2017 წლის გრიპის სეზონი პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა წლებისგან
იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2016-2017 წლის გრიპის სეზონი პრაქტიკულად არ განსხვავდება შარშანდელი და შარშანწინდელი მონაცემებისგან.
მისივე ინფორმაციით, ვირუსული ინფექციის მატება შარშანაც ამ პერიოდიდან დაიწყო, წელსაც განსაკუთრებული არაფერი ხდება.
“თუ წინა კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 60-დან 80 პაციენტამდე შემოდიოდა, ბოლო რამდენიმე დღე მომართვიანობა 90 და 104 პაციენტი იყო. მათგან უმრავლესობა სწორედ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომებით შემოდის”,-აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დადასტურებულია გრიპის 10 შემთხვევა, აქედან A და B ტიპის ვირუსის თითო შემთხვევაა.
“თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არც ერთი არ მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათგან უმრავლესობა უკვე გაეწერა ბინაზე. რამდენიმე პაციენტთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გასცილებია საშუალო სიმძიმის ფარგლებს”,- აღნიშნა ჩხაიძემ.