სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კონამ“ 12 სახეობის ბალახეული ჩაის პრეზენტაცია გამართა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კოოპერატივი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში 2014 წელს შეიქმნა და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. მასში გაერთიანებულია 5 მეპაიე.
კოოპერატივ „კონას“ თავმჯდომარის, ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ისინი 12 სახეობის ჩაის აწარმოებენ , მათ შორისაა 9 კომბინაცია, რომელიც ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა. ნედლეულად გამოყენებულია სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე, სხვა კოოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაი.
“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათ შორის კოოპერატივ „კონას“, აქვთ საშუალება, განავითარონ თავიანთი წარმოება”, – აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.
„კონას“ საწარმოს აღჭურვა და კოოპერატივის ბრენდირება განხორცილდა ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მეშვეობით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში.
დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 124 შიდა ქართლის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები