„ჩემი სამყარო ყოველთვის იყო ჩემი თავშესაფარი“

19 წლის ასაკში დატოვა საქართველო. 42 წელია ნიუ-იორკში მოღვაწეობს.  პორტრეტული ჟანრის უამრავი ფერწერული ტილოს ავტორია. როგორც ქართულ-ებრაული  ოჯახის წარმომადგენელი, თავდაუზოგავად ემსახურება ორი ერის კულტურას და  თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ქველმოქმედებითაც დაამახსოვრა თავი. საუკეთესო ნამუშევრები საქართველოს უძღვნა საჩუქრად. 1974 წლის მერე მეორედ მოუხდა მონატრებულ საქართველოში ჩამოსვლა. ეს ინტერვიუც ამ დროს ჩაიწერა.
ამბობს, რომ პორტრეტის ჟანრში ხატვა მისი მოწოდებაა, თუმცა დიდ შემოქმედებით ენერგიას და ჯანმრთელობას მოითხოვს… ძნელი წუთებიც ჰქონია, არც მატერიალურად ულხინდა, მაგრამ შთაგონებისთვის და საკუთარი მრწამსისთვის არ უღალატია…  –  რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია ცისანა ჯანაშვილი.

15253609_1192282090849949_7161146650270513541_n
– 1974 წელს მთელმა ოჯახმა, მამამ, დედამ… დავტოვეთ საქართველო და გავემგზავრეთ ისრაელისაკენ, –  მე ახალი გათხოვილი ვიყავი… მეუღლესთან, როლანდ კრიხელთან და მის ოჯახთან ერთად,  ერთი წელიწადი ვიცხოვრე ისრაელში და მერე ჩემი მეუღლის მშობლებმა გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა. ჩვენ საქართველოდან წამოვედით  პატრიოტული გრძნობით, რადგან საქართველოს ვტოვებდით, როგორც ებრაელები და უნდა დავსახლებულიყავით ისრაელში. მამამ აღარ მიატოვა ისრაელი და  სამუდამოდ იქ დარჩა, 1988 წელს იქვე გარდაიცვალა. მეც უკვე ბიჭი მყავდა,  იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ისრაელი და მეუღლეს ამერიკაში წამოვყევი.
– ხატვა როდის დაიწყეთ?
– 5 წლიდან, რაც თავი მახსოვს, ვხატავ, ძალიან მიყვარდა ბალეტი და ბალერინები.  ტელევიზორი მაშინ ახალი ახალი გამოგონება იყო და ძალიან დიდი გატაცებით ვუყურებდი  ყინულბალეტს, ბალერინებს. მინდოდა, რომ ბალერინა ვყოფილიყავი…
როგორც კი ავიღე ხელში ფანქარი და კალამი, დავიწყე ტელევიზორიდან მათი ხატვა.  ვუყურებდი ბალერინებს და ვხატავდი.  ვუთხარი, მამა, წამიყვანე, ბალერინობა მინდა-მეთქი… მომიტრიალდა მამაჩემი და მითხრა, ბალერინა კი არა, ცისანა, შენ მხატვარი ხარო… სწორედ 5 წლიდან, სიტყვის გამოთქმაც რომ არ ვიცოდი სწორად, ვიძახდი, ვხატვარი ვარ-მეთქი… მოგვიანებით,  მამის მეგობრები მახსენებდნენ, გახსოვს, ცისანა, რომ იძახდი, მხატვარი ვარო… მოკლედ, ვხატავ, რაც თავი მახსოვს.
შემდეგ   იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩავირიცხე. 4 წელი  ფერწერის ფაკულტეტზე ვისწავლე. წითელ  დიპლომზე დავამთავრე და სადიპლომო თემად ფერწერული ტილო „რეპეტიცია“ წარვადგინე… ბალეტი გყვარებიათ და რატომ არ  გაჰყევითო, მკითხეთ? მე კი მამის რჩევას დავუჯერე. ახლა ვგრძნობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
– ანუ მამის პროფესიას არ მოუხდენია გავლენა არჩევანზე?324161_240602312682239_1669826537_o
– არა, არც მახსოვს, თუ მამა მასწავლიდა. მამა რომ ხედავდა, ვხატავდი, მეუბნებოდა, დაჯექი ცისანა და დახატეო. შენ ნიჭი გაქვს, მაგრამ განვითარება სჭირდება და შრომას მოითხოვსო. მამა ძალიან მკაცრი იყო, თუ სხვა ბავშვებივით დაიწყებ თამაშს, მიზანს ვერ მიაღწევო, – მეუბნებოდა… ამიტომ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების წესი, რომ უნდა მეხატა.
ნიკოლაძის საწავლებელი 1973 წელს წარჩინებით დავამთავრე და სამხატვრო აკადემიაში  უგამოცდოდ ჩავირიცხე. ხატვა და ფერწერა უნდა ჩამებარებინა, მაგრამ სწორედ იმ დროს გავემგზავრეთ ისრაელში და მერე იქიდან, როგორც გითხარით, ამერიკაში მოვხვდი…
ერთი ბავშვი უკვე მყავდა, ჩავედით თუ არა, მეორე ბავშვიც შემეძინა, ქალიშვილი.
ამერიკაში როგორ განაგრძეთ მუშაობა?
– იქ პარსონის დიზაინის ამერიკულ კოლეჯში მოვეწყე. რომ დაათვალიერეს ჩემი ნამუშევრები,  პირდაპირ მეოთხე კურსზე ჩამრიცხეს.  კოლეჯის მეოთხე კურსზე უკვე ინდივიდუალური სტუდია  ჰქონდა კოლეჯის თითოეულ სტუდენტს.  აბსოლუტურად  თავისუფალი იყავი, რომ გემუშავა და მერე დაგეცვა სადიპლომო თემა. მხოლოდ ერთი წელი ვსწავლობდი. უცებ მოვხვდი აბსოლუტურად აბსტრაქტულ გარემოში, სადაც თბილისისგან განსხვავებით ხატვის სხვანაირ მეთოდებს ეუფლებოდნენ.
მე-4 კურსზე გავიცანი მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ლერი რივერსი, რომელიც ინსტრუქტორი იყო და დროდადრო სტუმრობდა სტუდენტებს. ეს იყო მეტად ღირსსახსოვარი დღე ჩემთვის.
როდესაც მესტუმრა,  ფარდა გახსნა და სტუდიაში შემოვიდა, დაინახა, რომ მე ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი. გაუკვირდა… უცებ დაინტერესდა, განეწყო, რომ ჩემთან ესაუბრა. მაშინ 25 წლის ვიყავი… თქვენ უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი ხართ, უნდა შექმნათ ნამუშევრები და გალერეებში გამოფინოთო.  ცხოვრება ასწავლის მხატვარს ყველაფერს, როგორც ასეთი, სკოლაში ყოფნა არ გჭირდებათო, – მითხრა.
–  მისი წახალისებით პირველი გამოფენა ნიუ-იორკში გქონდათ…279832_144391295639039_2368078_o
– სწორედ ამიტომ გავბედე და 26 წლის ასაკში პირველი გამოფენა მოვაწყე ნიუ-იორკში. ჩემი და ჩემი მაზლის, რომან კრიხელის ერთობლივი გამოფენა გაიმართა, ეს იყო 1980 წელს და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. გაზეთ „არტსპიკში“,  ჩვენდა სასიხარულოდ, დადებითი რეცენზია „ორი საჩუქარი რუსეთიდან“ გამოქვეყნდა. ჩვენ მაშინ რუსეთის ხელოვანებად ვითვლებოდით, და არა ინდივიდუალურად „ჯორჯიას“ წარმომადგენლებად. ამიტომ რეცენზიას ასე ერქვა: „რასაც რუსეთი კარგავს, ჩვენ ვიძენთ“.
ჩვენ ვიყავით დამწყები მხატვრები, გავბედეთ გამოფენა და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. რომასაც და მეც, რეალისტური მხატვრობის თვალსაზრისით,   კარგი საფუძველი გვქონდა. ამის მერე გამოფენას გამოფენა მოჰყვა, სტილიც შეიცვალა, დროთა განმავლობაში იცვლება სტილი,  ყალიბდება მხატვარი, ეს იყო ძალიან ბევრი სიხარულის, იმედგაცრუების წლები… როცა ელოდები, რომ ვიღაც აღმოგაჩენს და ობიექტურად შეაფასებს შენს ნამოღვაწარს.
მეუღლე მუშაობდა, მოკრძალებული სამსახური ჰქონდა, არ მაკლებდა არც ფუნჯს და ტილოს და ასე შევქმენი სურათები.  ძალიან დიდი განცდა მქონდა სამშობლოსი. ჩვენ ისრაელში წამსვლელთა პირველ ტალღაში მოვხვდით, მე, პირადად, წასვლა არც მინდოდა. მაგრამ მამის დედა და ძმა, უფრო ადრე, 1972 წელს წავიდნენ და დედამისი წერდა, შვილო, ჩამოდი ჩქარაო. მამაც იძულებული იყო, დედამისს გაჰყოლოდა.
მაგრამ ორმაგი ტრაგედია მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მე დედა ქართველი მყავდა. დედას – ეკატერინა, ნადია ასიტაშვილს უნდა დაეთმო ყველა და ყველაფერი, და ჩვენ გამოგვყოლოდა, იმ ფიქრით, რომ აქ დარჩენილებს ვეღარასოდეს ნახავდა…  ეს იყო მეტად მტანჯველი პერიოდი და ჩემს ცხოვრებაზე  სევდიანი კვალი დააჩნია.10556975_682229185188578_4521861616308181223_o
როგორც დედას უყვარდა თავისი ხალხი, მეც ყველა ისე მიყვარდა,- ბებია, დეიდები, დეიდაშვილი, ბიძა, ბიძაშვილები, ამხანაგები, ნაცნობები… სკოლა, ყველანი და ყველაფერი და უცებ ჩამოვედით ნიუ-იორკში და ვხედავ, დედა განიცდის და ტირის, ვერავის ვერ ვხედავდით და ვეკონტაქტებოდით. მაშინ კონტაქტი ძალიან ძნელი იყო… ახლა  დატოვებ სამშობლოს და მეორე წუთს  შვილს დაელაპარაკები, სულ გექნება ასეთი ვირტუალური კონტაქტი.
ჩვენი ემიგრაცია მეტად რთული იყო. ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, მხოლოდ ის მიხვდება, ის 20 წელიწადი ჩვენთვის რა იყო.
მე რომ შემეძლო, ჩემი გრძნობა ტილოზე გამომეხატა, ამან გადამარჩინა.
– ვიცი, როგორი ერთგულებით უვლიდით ავადმყოფ დედას…
– დედა უკვე ნიუ-იორკშია დაკრძალული, მამა ისრაელში, თელ-ავივში, თავისი დედის გვერდით. დედაჩემის ნატვრა იყო, საქართველოში დაკრძალულიყო. როგორ უნდოდა საქართველოში. იქ მინდა, წამიყვანეო, – მეუბნებოდა… წამოსვლის წინ საფლავი მოვინახულე და ვუთხარი, დედა მივდივარ საქართველოში-მეთქი, როგორი მტკივნეული იყო ეს წუთები ჩემთვის…  თითქოს მისი ფიქრებიც ჩამომყვა…
– თქვენ ემსახურებით ქართულ კულტურას, რომელიც, როგორც ამბობთ, ორგანულია თქვენთვის… ასეც უნდა იყოს, 19 წელი ხომ სქართველოში ცხოვრობდით და მის კულტურას და ტრადიციებს ეზიარებოდით…10530649_678860395525457_5728292020502432063_o
– მე ვცხოვრობდი ვაჟა-ფშაველაზე. ვაჟას სიყვარულით მისი მონოგრაფია მედო წინ და მისი ლექსი მასულდგმულებდა: გარემო რომ იყო ასეთი ცივი, სასტიკი, ვაჟას დახატვა მოვინდომე და დამამშვიდებელი იყო, განსაკუთრებით ეს ლექსი მიყვარს:
იქა ვარ, იქა, მკვდრებშია,
ამ ქვეყნად ვცოცხლობ ძალადა,
ცოცხალი, მკვდრებში მცხოვრები,
აქ არა ვღირვარ ჩალადა.
დღესნამდე ამას ვიძახდი,
ხვალაც ვიძახებ ამასა.
მკვდრები მიშაქვრენ ცოცხლების
გულში ჩანაწვეთს შხამასა.
ეს გეზი ავიღე ამერიკაში, ვიგრძენი, რომ ვისი შემოქმედებაც მიყვარდა, სწორედ იმათ გადამარჩინეს. დავიწყე ამ ადამიანების ხატვა, ვეზიარებოდი მათ შემოქმედებას და ეს მაცოცხლებდა, მაძლიერებდა. ასევე შევქმენი მრავალი ებრაელი მოღვაწის პორტრეტი, ბოლო 15 წელიწადში 120 პორტრეტი დავხატე, –  ქართველი მოღვაწეების და ასევე ბიბლიური, ებრაული და ზოგადკაცობრიული თემები ავსახე.  შორეულ  ქვეყანაში ამან მაცოცხლა.
– პირველად საქართველოში, მრავალწლიანი განშორების შემდეგ,  1997 წელს ჩამოხვედით, როცა პერსონალური გამოფენა გაიმართა…
– საქართველოსთან კონტაქტი ძალიან მინდოდა, პირველად აკაკი გელოვანს დავუკავშირდი, რეპროდუქციები გავაცანი, წერილი მივწერე, ძალიან თბილად გამომეხმაურა გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“. მერე გავიცანი ქ-ნი ნინო მიქაბერიძე, რომელიც დამეხმარა, რომ 1997 წელს, საქართველოში, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ ეგიდით ჩემი გამოფენა გამართულიყო და და მეც ჩამოვსულიყავი. 10499533_681281138616716_3912037309680248313_o
მას შემდეგ ქართული ემიგრაციის დიდი ქომაგი ივანე ჯაფარიძე, მერე ჟურნალისტი და სპელეოლოგი ჯუმბერ ჯიშკარიანი გავიცანი. მათთან თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის და ძალიან ბევრი წერილი მოჰყვა სხვადასხვა გაზეთში.
1997 წელს ჩემმა ნამუშევრებმა საქართველოში დაიდო ბინა. ეს იყო საქველმოქმედო გამოფენა. მე სიყვარულით და სიხარულით გადავეცი ნამუშევრები უპატრონო ბავშვთა სახლს.   „დემოკრატიისა და აღორძინების“ ფონდს, ასევე საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
ნიუ-იორკში მრავალი წელი ვიმუშავე და ამ ნამუშევრების სახით საქართველოს სიყვარული ჩამოვუტანე.   მიხარია, რომ ეს იყო ჩემი დაბრუნება საქართველოში. მე რომ ვქმნი სურათს, იქ ჩემი სულია ჩადებული და თავისთავად ლაპარაკობს. საქართველოში რომ არიან, მიხარია და  ამით ბედნიერი ვარ.
ისეთი სიყვარული გამყვა თან, საქართველომ, ჩემმა ხალხმა ისეთი სითბო მაჩვენა, ისეთი შთაგონება მომცა, უკან, ნიუ-იორკში დაბრუნებულმა  15 ახალი სურათი დავხატე და გამოფენითაც კი გამოვეხმაურე. გამოფენას ასე დავარქვი: „სამშობლოდან დაბრუნება“.
– საინტერესო ისტორია აქვს თქვენს ნამუშევარს – ორი მიუსაფარი ხელოვანის – ფიროსმანისა და შალომ კობოშვილის შეხვედრას თბილისის ღვინის სარდაფში…
– დიდი სიყვარულით შევქმენი ჩვენი პირველი ქართველი ებრაელი მხატვრის პორტრეტი და ნიუ-იორკში გამომავალი გაზეთის, „დავითის ფარის“  რედაქტორს –  სიმონ კრიხელს წავუღე.  ბატონი სიმონი შალომ კობოშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საგაზეთო სტატიებს უძღვნიდა  და დოკუმენტურ ფილმსაც იღებდა.
მივუტანე და ვაჩვენე შალომ კობოშვილის პორტრეტი. რომ შეხედა, გაოცებული სავარძელში გადაიწია და მითხრა: ცისანა, ეს რა დაგიხტიაო. მეორე დღეს კი ეს პორტრეტი„დავითის ფარის“ გარეკანზე დაიბეჭდა. შემდეგ – გიორგი სანადირაძის რომანის „მეთერთმეტე ცნების“ გარეკანზე….10511610_730751167003046_8160861761753877274_o
პირველი  ქართველი  ებრაელი, რომელმაც ფუნჯი დაიჭირა და ისიც 60 წლის ასაკში, შალომ კობოშვილი იყო. იგი ქართულ-ებრაულ მუზეუმში, რომელიც უწინ  ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, დარაჯად მუშაობდა. შალომი კიბეებზე ჩამომჯდარი ხატავდა… ერთხელაც მუზეუმის დირექტორმა  საღებავებით და ფუნჯებით მოამარაგა და უთხრა: ახალციხეში გატარებული შენი ბავშვობიდან და ცხოვრებიდან რაც გახსოვს,  დაგვიხატეო. ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ  საშუალება მიეცა, გამოეხატა თავისი თავი…
შალომის შესახებ   არავის გვსმენოდა, მაგრამ მამაჩემმა იცოდა. მამაჩემს ნანახი ჰქონდა მისი ნამუშევრები. შალომის შემდეგ პირველი ქართველი პროფესიონალი მხატვარი სწორედ მამაჩემი მიხეილ ჯანაშვილია. არც  მას ჰქონდა ოჯახში  ხატვის უფლება, მეწაღესთან  მიიყვანა  მამამ და ტირილით გამოექცა სახელოსნოდან. მერე თავისი ფეხით მივიდა პიონერთა სასახლეში… რომ დაინახეს, ხატვის ნიჭი ჰქონდა, ხატვის წრეზე მიიღეს… მერე დამოუკიდებლად ჩააბარა იაკობ ნიკოლაძეში და აკადემიაში… პირველი პროფესიონალი მხატვარი იყო. მას შემდეგ გაბედეს ქართველმა ებრაელებმა ხატვით დაინტერესება…
– ფიროსმანის და კობოშვილის შეხვედრა თქვენი ფანტაზიის ნაყოფია თუ?..14917047_1234067553318928_8574892800251027365_o
– ეს შეხვედრა სინამდვილეში მოხდა… შალომ კობოშვილი  სულ ნატრობდა მხატვრობას…  მას ყველგან ესმოდა, რომ თბილისში ფიროსმანი არსებობდა. ყველამ იცოდა ფიროსმანის შესახებ, რომელიც დუქნებში დადიოდა და ხატავდა… და აი, ერთხელაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს… ნიკალას შალომმა სთხოვა, შეგირდად ამიყვანეო.  ფიროსმანმა უთხრა, შეგირდს ხომ საჭმელი უნდა ვაჭამო და მე თავად არა მაქვს პურის ფული, – შენ თუ მხატვრობა მოინდომე, ეს ნებაყოფლობით გოლგოთის გზაზე ასვლას ჰგავსო. შალომმა მიუგო, მე უკვე დავადექი მაგ გზასო.  მათი ეს შეხვედრა ასახულია გიორგი სანადირაძის წიგნში „მეთერთმეტე მცნება“ და დაისტამბა ოთარ სეფიაშვილის წიგნში „მარტოსულობის ნათელჩრდილი“ . ოთარ სეფიაშვილი აღწერს  ფიროსმანისა და შალომ კობოშვილის შეხვედრას და, საერთოდ, ამ ორი ინდივიდუალური მხატვრის ეპოქას, მათ ბედს.
– ახლახან, 1997 წლის შემდეგ უკვე მეორედ იმყოფებოდით საქართველოში. ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრისა და ერთგული თანამებრძოლის, ეკატერინე გაბაშვილის ვაჟის, საფრანგეთის ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის რევაზ გაბაშვილის პორტრეტიც ჩამოიტანეთ…  მეორედ გააცოცხლე ჩვენი ემიგრანტებირევაზ გაბაშვილი, დოდო ამილახვარი და ამ უცნაური და ამაღლებული სიყვარულის მესაიდუმლე პეტრე ხვედელიძე13041296_1024302007647959_4614899046435127828_o
– რეზო გაბაშვილზე პირდაპირ შეყვარებული ვარ.  ბედნიერება მხვდა წილად, თავის დროზე ჟურნალისტ ჯუმბერ ჯიშკარიანის საშუალებით გავიცანი ციცინო ჯერვალიძე და მისი მოღვაწეობა,  შემდეგ ციცინო ჯერვალიძის წიგნები წავიკითხე, თავადაც დიდი ქველმოქმედია და თავისი ძალებით გამოსცემს წიგნებს. წიგნის: „პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ ორტომეულის ავტორია.
და ის ბედნიერებაც მხვდა წილად, რომ ემიგრაციის უხუცესი წარმომადგენელი, ვაშინგტონში მცხოვრები პეტრე ხვედელიძე, ძია პეტრე გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გავიცანი. ივანე ჯაფარიძის ვაჟიშვილთან და რძალთან ერთად, ვაშინგტონში ვეწვიეთ,  დაბადების დღე ჰქონდა…
… პორტრეტები ჩემი მოწოდებაა… პორტრეტი იოლად არ იხატება, ძალით ვერ შექმნი. აუცილებლად უნდა განეწყო და განიცადო იმ პიროვნების ცხოვრება, ვისზეც იწყებ ფიქრს…ასე დაიხატა ძია პეტრეს პორტრეტი, რადგან ციცინო მუდმივად მასზე მესაუბრებოდა. მერე მისი თვალებიც ვნახე და მისმა ცხოვრებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე…
რაც შეეხება რევაზ გაბაშვილს, ეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ჩამოვიტანე, ისევ ციცინო ჯერვალიძის წიგნმა,  განსაკუთრებით ერთ-ერთმა წერილმა პეტრე ხვედელიძისადმი შთამაგონა, რომელიც აღსარებაა. ამ ფერწერულ ტილოსაც „აღსარება“ დავარქვი. ამ ერთი წერილით მან  ძია პეტრეს, ხვედელიძეს მთელი თავისი გული, ცხოვრება  გადაუშალა.
როგორ მინდა, რეზო გაბაშვილი ისე უყვარდეთ, როგორც მე შემიყვარდა.  გრძნობა ყველაფერიაო, გოეთე ამბობს, რევაზ გაბაშვილის დამოკიდებულება დოდო ამილახვრისადმი მისი სულიერი ცხოვრების რომანია. გაბაშვილის სიყვარულის ტაძარს საძირკველი დედამიწაზე აქვს, მხოლოდ გუმბათია ზეციურ სიმაღლეზე…
მუშაობის პროცესში სულ გოეთეს ლექსი „დარდის სიამე“ მახსენდებოდა და ჩემთვის ვიმეორებდი: „ნუ დაშრებით, ნუ დაშრებით წამითაც, მარადიულ სიყვარულის ცრემლებო. /აჰ, ნახევრად დამშრალ თვალში ქვეყანა რა მკვდარი და პარტახი ჩანს, ცრემლებო“…
ეს ყველაფერია გადმოცემული ამ ნახატში.14876504_1234067263318957_8347568535723880762_o
რომ დავხატე რევაზ გაბაშვილი და დაღუპული დოდო ამილახვარი,  თითქოს გულზე მომეშვა, ამ პორტრეტებს გულგრილად ვერავინ ჩაუვლის, გაიხსენებენ ამ დიდ ადამიანებს,  მათი სული იტრიალებს და მუდმივად გაგვახსენებენ თავიანთ თავს.
ამჟამად პეტრე ხვედელიძის ფონდის შექმნის პროცესია, რომელსაც ხელმძღვანელობენ სოფიკო და ციცინო ჯერვალიძეები. ეს პორტრეტი ამ ფონდს გადავეცი, უფრო ადრე ძია პეტრეს პორტრეტიც ამ ფონდისთვის დაიხატა.
მანამდე ქართული ემიგრაციის მუზეუმს გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი გადაეცით… როგორ დაიხატა გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი?
– მიხარია, რომ ეს სურათი  სამუდამოდ იქნება ემიგრაციის მუზეუმში დავანებული. საგაზეთო წერილი ვნახე – გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული. სასწრაფოდ მოვითხოვე გრიგოლ რობაქიძის წიგნები, თბილისიდან გამომიგზავნეს: „ჩაკლული სული“, „გველის პერანგი“, „აკაკის ქნარი“, რაც კი მწერალს დაუწერია, ყველაფერი წავიკითხე, მაგრამ ამით არ შემოვისაზღვრები, გრიგოლ რობაქიძის დახატვა კიდევ მინდა, რომელიც ამ ნამუშევრისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება, რადგან უსასრულოდ შეიძლება ერთ პიროვნებაზე მუშაობა…10697129_713370478741115_1997002714213500495_o
– არჩვეულებრივად გამოხატავს ნატო ვაჩნაძის პიროვნების ხიბლს და შინაგან მშვენიერებას ნატო ვაჩნაძის პორტრეტი…
– მისი შექმნა ოთარ სეფიაშვილის წიგნმა „ლეგენდა ვარსკვლავზე“  შთამაგონა. ნატო კინოს ულამაზესი ვარსკვლავი, ლეგენდარული მსახიობი იყო. აქაც განწყობა ოთარ სეფიაშვილის წიგნმა შემიქმნა. ოთარი ძალიან კარგად ამბობს, რომ ვარსკვლავები არ ქრებიან.
„ვარსკვლავები არ კვდებიან. ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ. ამას ამბობს ლეგენდა. უწინ უყვარდათ თქმა, სცენაზე მთავარია ხმა, კინოში კი თვალებიო. თუ ეს მართალია, მაშინ ჭეშმარიტად ნატო კინოსთვის გაჩენილაო“. ესეც ჩემი ერთი მოკრძალებული ჩანახატია, მინდა გადაეცეს ნატო ვაჩნაძის მუზეუმს. და კიდევ, მინდა ნატოს დახატვა, არც მისი ერთი პორტრეტით შემოვისაზღვრები.
– უშანგი ჩხეიძეც შთაგონებით დახატეთ…
– „საბჭოთა ხელოვნებაში“  ქალბატონი ნინო ჩხეიძის წერილი წავიკითხე.   უშანგის ცხოვრებას და მოღვაწეობას გავეცანი და იმასაც,  რა ასაკში დატოვა სცენა, როგორი ღალატი განიცადა საზოგადოებისგან, მეგობრებისგან. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე… საერთოდაც,  მათ უფრო ვხატავ,  ვისაც ძალიან ეტკინა. რომლებსაც ძალიან ეწყინათ და საზოგადოებისგან დიდი ტკივილი მიიღეს, რადგან ინდიფერენტულები იყვნენ მათ მიმართ და ნიჭს გასაქანი არ მისცეს. არადა, რამდენი რამის გაკეთება  რამდენი ახალი სახის შექმნა შეეძლო უშანგის, თავადაც წერს: რამდენი სახე დამრჩა უთქმელიო.11074134_829582277119934_3338939483707964761_o
ამან მომცა შემოქმედებითი  იმპულსი, ძალიან მინდოდა გამეხარებინა მისი და – ნინო ჩხეიძე, რომელსაც ჯერ ასლი გავუგზავნე, მადლობის და აღფრთოვანების წერილი მომწერა, მერე თავად გადაწყვიტა, რომ პორტრეტი ხელოვნების სასახლეში  დაბინავდესო. და იქ დაბინავდა უშანგი ჩხეიძე.
უამრავი ქართველი მოღვაწის პორტრეტი შექმენით… ფიროსმანი, ლევან გოთუას, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ტიციანის…
– ილიას და აკაკის პორტრეტების დახატვაც მინდა… მაგრამ იმდენია დასახატი, ერთი მხატვრის სიცოცხლე ამდენს არ ეყოფა.
– შვილები…
– რიჩარდი და დალილა. ჩემი რიჩარდი ისე, რომ არაფერი მისწავლებია, არაჩვეულებრივი გრაფიკოსი მხატვარია.  ხატავს კომიკური წიგნებისთვის, ტექსტებით და კარიკატურებით აფორმებს, არაჩვეულებრივი კარიკატურისტია. ეს მისი ჰობია. ალბათ ესეც გენეტიკურად გადავიდა მასზე…
ამას წინათ პოლიტიკური კარიკატურა შექმნა, რომელიც დაბეჭდეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში და თანხაც გადაუხადეს.
შვილებმა  ამერიკული კოლეჯი დაამთავრეს. საკუთარი ცხოვრება აქვთ…  რიჩარდი დაცოლშვილდა. დალილა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად, მენეჯერიც არის, კონცერტებს ატარებენ…  დალილას დროდადრო გამოფენებიც აქვს.15304629_1140942479314880_2887472078989067238_o
– ძმა დათოც ნიუ-იორკში მოღვაწეობს, ის კარგი მუსიკოსია და დევიდ მონტე კრისტოს ფსევდონიმით იცნობენ… მისი შესრულებული „სულიკო“ საქართველოს ოქროს ფონდშია დაცული…
– დათო სამი წლით უმცროსია ჩემზე. მისი მოწოდება მუსიკაა, როგორც ჩემი მხატვრობა. ბავშვობაში, მამას ქუთაისში იუბილე გადაუხადეს  და სცენაზე დათო აიყვანეს. ისე მოიხიბლნენ, მამას უთხრეს,  მიშა, მხატვრობას თავი დაანებე და  შვილს მიხედე, ეს რა მომღერალი ყოფილაო. ახალი ჩასულები ვიყავით ამერიკაში, კაპიკებად შეიძინა დათომ პიანინო, თავისით დაიწყო დაკვრა, სწავლა, ხან ვინ ეხმარებოდა, ხან ვინ, ინსტრუმენტების შეძენაში,
მიხარია, რომ მის მიერ ჩაწერილ „სულიკოს“და კიდევ სხვა სიმღერებს უკვე ათასობით მსმენელი ჰყავს ინტერნეტში…  „სულიკოთი“ მისწვდა მისი ხმა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეს. დათო თვითნაბადია. როგორც ამერიკელები ამბობენ, ყოველგვარი სწავლების, ტრენინგის და  პრაქტიკის გარეშე, ქმნის მუსიკას…
– ამას წინათ, მითხარით, რომ  კომერციული მიზნით არასოდეს გიხატიათ, მაგრამ არც  ბედს უჩივით, რადგან ეს არის ყველა დროში მხატვრის ცხოვრებაო…
– ბევრჯერ უთქვამთ, მოდი, ისეთი რამეები დახატე, გამრავლდეს და ყველგან დაიკიდოსო. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ანუ დრო ამაში უნდა დავხარჯო  და გრიგოლ რობაქიძე და ტიციან ტაბიძე აღარ დავხატო?., ყველაფერი მოითხოვს აბსოლუტურ კონცენტრაციას, გეზი რადიკალურად იცვლება…
არავინ იფიქროს,  რომ  ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის, გრიგოლ რობაქიძის, ერნესტ ჰემინგუეის, სამუელ ბეკეტის, ჯოზეფინას  გვერდით კომერციული მაიმუნობის დახატვაც შეიძლებოდეს, რომელშიც 20-30 დოლარს აიღებ. ჩემთვის ასეთი ორად გაყოფა წარმოუდგენელია. იცით ეშმაკია ფული…  თუ დაინახავ, რომ ფული მოდის, გადაგხრის მაგ მიმართულებით და აღარ გექნება ის კონცენტრაცია…
ჩემი ცხოვრება უკვე იმ ეტაპზეა, ვფიქრობ, დადგა დრო,  რაც ამერიკაში 42 წლის განმავლობაში შევქმენი,  ეს ღვაწლი სათანადოდ შეფასდეს და გავლენიანმა ხალხმა, კოლექციონერებმა შეიძინონ…14890506_1233903463335337_7373789226469849177_o
– რამდენი ნამუშევარი შექმენით?
– ძალიან ბევრი, რამდენიც მაქვს, იმდენი გაცემული. ალბათ 400-500 ნამუშევარი დავხატე, რომლებიც მუზეუმებში, კერძო კოლექციებში, ოჯახებში ინახება… 200 კიდევ მაქვს სახელოსნოში.
– 1997 წლის შემდეგ მეორედ ახლა ჩამოხვედით თბილისში. რა განსხვავებას ხედავთ მაშინდელ და ახლანდელ თბილისს შორის?
– ჩემი ბაგები, სადაც ბებიაჩემი ცხოვრობდა, ვეღარ ვიცანი. ძალიან მინდოდა, ავსულიყავი და დამენახა ისევ ძველი ბაგები, მაგრამ ვეღარ ვიცანი. ვერც მივაგენი, იმდენი ხანი ვიტრიალე, საკურორტო ადგილი იყო, წალკოტივით,  სულ გამწვანებული. ბაღებში ჩაფლული… მაშინ  ერთი-ორი კორპუსი იყო. სპეციალურად წავედი, დეიდაჩემს გზაზე ჩამოსვლა მოუხდა, ვერ მივაგენი, აღარც ხე, ბალახი, ბუჩქები, არაფერი… მოველოდი, რომ ისევ იმ გზას დავადგებოდი, ავიდოდი, ისევ ის გამწვანება, ხეხილი დამხვდებოდა… ვერც ზურაბ წერეთლის სახელოსნო ვიპოვე, სადაც  97 წელს მიმიწვიეს კიდეც. ყველაფერი კორპუსებით იფარება. ბაგები  ის ბაგები აღარ არის. არ ვიცი, წყნეთი რა მდგომარეობაშია, მაგრამ ბაგები აღარ არის…
ასევე ვაჟა-ფშაველაზე, სადაც ვცხოვრობდი, ვეღარ ვიცანი ჩემი კორპუსი. სახლებმა დაფარა, ნუცუბიძის პლატოზე გორები და გამწვანება იყო… ახლა კორპუსებია… ბუნებრივია,  ქალაქი უნდა გაიზარდოს, უბრალოდ, გული მწყდება, რომ რაც ბავშვობაში ჩამრჩა, ის სილამაზე დაკარგულია…
თბილისს სხვანაირი სილამაზე აქვს, ღამის თბილისი ვნახე, ძალიან მომეწონა. ძალიან გალამაზებულია. გაკვირვებული ვარ, როგორ მოესწრო ამდენი აშენება და რეკონსტრუქცია. არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან შეცვლილია. თბილისი უდავოდ შეცვლილია. თუმცა, როგორიც არის, მიყვარს…
– ჯილდოები და სამომავლო გეგმები…468784_262587640483706_917476325_o
– არა ვარ ჯილდოების ადამიანი, ამას წინათ, დიასპორის სამინისტრომ სიგელი გამომიგზავნა, როგორც ქართულ-ებრაული კულტურის უანგარო მსახურს. ასევე რამდენიმე მადლობაც მივიღე ქველმოქმედებისთვის…
ერთხელ ნიუ-იორკში დავხატე ძალიან ცნობილი კომპოზიტორის, იუბი ბლეიკის პორტრეტი, გადავეცი, როგორც  ქველმოქმედება, დაწესებულებას და დამსხურების დიპლომი მივიღე.
ასევე დაკვეთა მივიღე ფონდისგან, ბრინკლი კრისტოფერ სმიტერისა და მისი მეუღლის პორტრეტის შესაქმნელად, რომლებმაც ალკოჰოლისა და რეაბილიტაციის ცენტრი დააარსეს. ამ ცოლ-ქმრის პორტრეტი დამიკვეთა ფონდმა. ფოტოასლი გააკეთეს და ჰოსპიტალს გაუგზავნეს, ფონდში კი  ორიგინალი დაკიდეს.
– თქვენი 60 წლის იუბილე ორი წლის წინ ქართული ემიგრაციის მუზეუმმა აღნიშნა…
– 2014 წელს დროს ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, მაგრამ  9 ორიგინალური ნამუშევარი არის დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში. 60 წლის იუბილე ემიგრაციის მუზეუმში აღნიშნეს ჩემი გამოფენით. ორი დიდი ქართველის, მამია ზაქრაძის და ნიკო თოფურიას საიუბილეო საღამო და შუაში „ჩამსვეს“ მე. საღამოს დათოს „სულიკო“გასდევდა ფონად…
– რაზე მუშაობთ ახლა?
– ახალი შთაგონება მაქვს, ვაპირებ, შევქმნა სოლომონ ბრძენის „ქებათა ქება“. უკვე დავიწყე მუშაობა და სერიალი იქნება.10620356_689626144448882_6839722894787934292_o
ამ ბოლო დროს უფრო  მოკრძალებულ ჩანახატებზე გადავედი, რადგან ხელი მტკიოდა… გადამეღალა. ურთულესია პორტრეტული ჟანრი.  ჯანმრთელობაც უნდა გიწყობდეს ხელს, რომ დაძლიო. მაინც შევქმნი ახალ პორტრეტებს.
ქარიშხლიანი, მძიმე ცხოვრება გავიარე,  ახლა დადგა დრო, თითქოს  გაზაფხული უნდა მოვიდეს. მინდა, რომ გაზაფხული დადგეს ჩემს ცხოვრებაში,  ტკივილებს, ყველაფერს, რაც იყო, ამ გადასახედიდან, უკვე სულ სხვანაირად შევხედო, როგორც ჩემს მასწავლებელს, და კი აღარ მეტკინოს, ის ტკივილებიც ტკბილად გავიხსენო, დედაც ამ წელს მივაბარე ნიუ-იორკის მიწას,  ჩემი სამყარო ყოველთვის იყო ჩემი თავშესაფარი, ეს ტკივილი იყო გადმოსაცემი, აუცილებლად უნდა შექმნილიყო ეს ტკივილი. დარდისა და ტკივილის ადგილი ჩემში აღარ არის.  მინდა, რომ სიყვარულით განთებული სამყარო, გაზაფხული შევქმნა, დავხატო სილამაზე, ოცნებები,  ის სამყარო, რომელზეც ყველა ოცნებობს, ფიქრობს და იქნებ, მართლაც, თუ ყველა ასე ვიფიქრებთ, ყველგან სითბომ და სიყვარულმა დაისადგუროს.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

15220085_1189317504479741_3923956457159562782_n

    10865696_775389855872510_2884843505620478307_o

1597520_695564240521739_3152593968740260477_o    599679_327645217313645_1478000545_n

10916348_775393459205483_7818344474683260497_o      10363867_651476894930474_6552085379523624287_n

10927187_433582766831049_3386089268681629920_o   15036503_1186983458046479_6987192490545748254_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები