„ვეფხისტყაოსნის“ არაბული თარგმანის მეორე გამოცემის წარდგინება გაიმართება

9 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1984 წელს დამასკოში დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ არაბული თარგმანის მეორე გამოცემის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „ვეფხისტყაოსნის“ არაბული თარგმანის მეორე გამოცემა წელს ეგვიპტეში გამოქვეყნდა და მისი წარდგინება კაიროში, წიგნის 47-ე საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართა. გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ-არაბული კულტურული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. თარგმანის გამოცემაში აქტიურად იყო ჩართული ეგვიპტეში საქართველოს საელჩო და ეგვიპტის კულტურის სამინისტრო. არაერთი გამოხმაურება არაბულ პრესაში, ლიტერატურულ წრეებში ცხადყოფს არაბი საზოგადოების დიდ ინტერესს „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ეს ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ პოემის შინაარსს, მისი „არაბი“ გმირების განსაკუთრებულ კეთილშობილებასა და სიმამაცეს.
„ვეფხისტყაოსნის“ არაბული თარგმანი მთარგმნელის – სირიელი მწერლის, ნიზარ ხალილისა და რედაქტორის – არაბისტ გურამ ჩიქოვანის მრავალწლიანი თანამშრომლობის ნაყოფია. პირველი, დამასკოური გამოცემა 1984 წელს დაბეჭდა იმხანად სირიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ბიზნესმენმა ლევან საღარაძემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის XX საუკუნის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.
9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა „ვეფხისტყაოსნის“ არაბული თარგმანის რედაქტორთან, პროფესორ გურამ ჩიქოვანთან, რომელიც ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს არაბული „ვეფხისტყაოსნის“ კაიროს გამოცემას.
გურამ ჩიქოვანი ისაუბრებს თარგმანის ისტორიაზე, არაბ მწერალ ნიზარ ხალილისთან მის მრავალწლიან შემოქმედებით თანამშრომლობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის საკითხებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთი მონდომებითა და დახმარებით ხელი შეუწყეს სირიასა და ეგვიპტეში არაბულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები