100 წელი – ,,ლამარას” პრემიერიდან

14 იანვარი – ქართული თეატრის დღეს რუსთაველის ეროვნული თეატრი საუკუნის წინ დადგმულ  წარმოდგენას იხსენებს და ფოტოებს აქვეყნებს.

,,100 წელი გვაშორებს „ლამარას“ პრემიერიდან.

აკადემიური დრამის არტისტთა კორპორაცია „დურუჯმა“ 1926 წლის 29 იანვარს აღნიშნა თავის არსებობის ორი წლის თავი. სადღესასწაულო წარმოდგენად არჩეული იქნა „ლამარა“ პიესის სიუჟეტი აღებულია ხევსურთა ცხოვრებიდან. მოქმედება იშლება ხევსურების და ქისტების ურთიერთობის ფონზე. დადგმისა და სცენიური განსხვავებების მხრივ „ლამარა იშვიათ წარმოდგენად უნდა ჩაითვალოს. სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა, კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის მიერ. მხატვრობა ლადო გუდიაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო მუსიკა იონა ტუსკიას.

გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“ წერდა: „ასეთი მწყობრი და ყოველ მხრივ გამართული ანსამბლი ჩვენ ჯერ არ გვინახავს არცერთ წარმოდგენაში“.

„განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მთავარი როლის შემსრულებლებს, რადგან ისინი ქმნიდნენ წარმოდგენის ძარღვს და მთავარ ინტერესს: თამარ ჭავჭავაძე, გიორგი დავითაშვილი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე”.

„ყველა პერსონაჟი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თითქოს გაქრა დიდი და პატარა როლი. პატარა და დიდი მსახიობი არსად იყო, თითოეული მსახიობის თამაში გამოკვეთილი იყო, როგორც ქანდაკება და ყველა ერთად ქმნიდა დიდ ხელოვნებას”.

1930 წელს სანდრო ახმეტელმა კვლავ დადგა „ლამარა“ ოღონდ დამოუკიდებლად, მხატვარ ირაკლი გამრეკელთან და კომპოზიტორ იონა ტასკიასთან ერთად. ეს იყო სრულიად განსხვავებული სპექტაკლი რეჟისორული და მხატვრული გადაწყვეტით.

სპექტაკლი „ლამარა“ ისტორიამ იმითაც შემოგვინახა, რომ სწორედ „ლამარა“ იყო მარჯანიშვილის და ახმეტელის დაპირისპირების და მათი შემოქმედებითი გათიშვის საბაბი”, – წერია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები