ტრამპი თვლის, რომ ნატო აშშ-ს გრენლანდიის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს
ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
„გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ოქროს გუმბათისთვის“ (თავდაცვის სისტემა), რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ნატო-მ უნდა უხელმძღვანელოს ამ ტერიტორიის ჩვენთვის მოპოვების პროცესს. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამას რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს და ეს დაუშვებელია! სამხედრო თვალსაზრისით, შეერთებული შტატების უზარმაზარი ძალის გარეშე, რომლის დიდი ნაწილიც მე ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ავაშენე და რომელსაც ახლა ახალ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვზრდი, ნატო ვერ იქნებოდა ეფექტური ძალა ან შემაკავებელი ფაქტორი – ახლოსაც კი არ იქნებოდა! მათ ეს იციან და მეც ვიცი. ნატო გაცილებით ძლიერი და ეფექტური ორგანიზაცია იქნება, თუ გრენლანდია შეერთებული შტატების ხელში იქნება“, – აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა და დასძინა, რომ „ნებისმიერი სხვა ვარიანტი მიუღებელია“.