აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სოლო კონცერტით წარდგება
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სოლო კონცერტით გერმანიის ქალაქ ლაიფციგში წარდგება.
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი, 2026 წლის 7 ნოემბერს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ კულტურულ სივრცეში – წმინდა თომას ეკლესიაში გაიმართება.
იოჰან სებასტიან ბახის მუსიკალურ სამყაროში ანსამბლი სპეციალურ პროგრამას წარადგენს – აჟღერდება უნიკალური ქართული მრავალხმიანი სიმღერები, საგალობლები და პოლიფონია. ღონისძიებას 1500 მუსიკის მოყვარული დაესწრება.
ანსამბლ „ბათუმის“ 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნეს მიზანია მსოფლიომ გაიცნოს ქართული კულტურა და ტრადიციები.
წმინდა თომას ეკლესია განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილია მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში, ვინაიდან სწორედ აქ მოღვაწეობდა იოჰან სებასტიან ბახი და ქმნიდა მუსიკალურ შედევრებს.
ღონისძიების ორგანიზატორია გერმანული არაკომერციული ორგანიზაცია „KulturLeben Berlin – Schlüssel zur Kultur e.V.“.