„ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე საფრთხე აპათიაა, – უსიყვარულობის, უნიჭობისა და უმოქმედობის ყველაზე საშიში გამოვლინება ჩემთვის“

ძალიან უყვარს პოეზია და მისი ესთეტიკა აჯადოებს. ბერძნული ენა და პოეზია მისთვის ერთ განზომილებაში მოიაზრება, ამიტომ ვერც კი წარმოუდგენია ამ ენის გარეშე არსებობა. დღემდე ბერძნული ენა არის მისთვის სიტყვითი „აღსავსების“ უმაღლესი გამოვლინება. სიტყვის სიყვარული კი ბავშვობიდან მოსდევს. სკოლამ და ოჯახურმა საღამოებმა განაპირობა ის ცხოვრება და ის გზა, რომელსაც ადგას. – თათია მთვარელიძე „პერსონაში“.

15280957_10208787027211635_282290900_n

– ყოველთვის, როცა ბავშვობაზე მეკითხებიან, უპირველესად, ჩემი და მინდიას ბავშვობის დროინდელი ამბები მახსენდება, ხშირად სრულიად აუტანელი თავგადასავლები და რაღატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ორს განსაკუთრებული ბავშვობა გვქონდა. ძალიან ცელქები ვიყავით, ბევრს ვჩხუბობდით, ხშირად ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა ჩვენ შორის, მაგრამ ერთი წამითაც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ.
ამის გამო, დედას უწევდა, ორ რთულად აღსაზრდელ ბავშვთან ერთად ემუშავა.
დედა ექიმია და ვერ აღგიწერთ, რამდენ ოჯახში ვართ ნამყოფი მე და მინდია, ექიმის „თანაშემწეების“ როლში.
ძალიან ხშირად დედასთან ერთად ვმორიგეობდით საავადმყოფოში, ფაქტობრივად იქ გავიზარდეთ – ზეპირად ვიცოდით სამედიცინო ტერმინოლოგია თუ პაციენტების პრობლემები.
ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ბებია ხშირად ვერ უძლებდა ჩვენს სიცელქეს და როცა მთელ ენერგიას წავართმევდით, სასწრაფოს მანქანა მოგვაკითხავდა და მივყავდით დედასთან – საავადმყოფოში. აი, სწორედ ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში, მინდიასთან, დედასთან და საავადმყოფოს პერსონალთან ერთად გატარებული დღეებია ჩემი ღრმა ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო, უცნაური და ბავშვური, ხშირად – სახიფათო თავგადასავლებით აღსავსე მოგონებები. ეს – ღრმა ბავშვობაში, მაშინ, როცა თამაშის იქით არაფერი გვინდოდა და გვაინტერესებდა.
–  ცნობილი პოეტისა და მკვლევარის – მურად მთვარელიძის ოჯახში გაიზარდეთ…
– ოდნავ მოგვიანო ბავშვობის მოგონებების მთავარი გმირი კი ნამდვილად არის მამაჩემი – მურად მთვარელიძე. სულ ვამბობ და აქაც ვიტყვი, რომ ამ ადამიანს ვუმადლი მთელ ჩემ ცხოვრებას – ასეთ ცხოვრებას, რომელიც, მიუხედავად ბევრი სირთულისა, მომწონს და მიყვარს, ჯერჯერობით მაინც. ჩემი და მინდიას ბავშვობის მეორე, ოდნავ უფრო შეგნებული პერიოდი, იმ სკოლას უკავშირდება, რომლის დირექტორიც იყო მამაჩემი. ზამთარში, როგორც კი ფიფქები გამოჩნდება, მთელი სიცხადით წარმომიდგება ხოლმე ის დილები, მე, მიდია და მამა ერთად რომ მივიკვლევდით თოვლიან გზას სკოლისაკენ.
სკოლა საკმაოდ შორს იყო. მოგეხსენებათ, 90-იანებისთვის ყოველგვარ ტრანსპორტზე ზედმეტია საუბარი – არც მანქანა გვყავდა და არც ავტობუსი არსებობდა, სკოლამდე რომ მივეყვანეთ.  ჰოდა, ყოველ დილით, მე, მინდია და მამა ერთად მივიკვლევდით უზარმაზარ თოვლში გზას სკოლისკენ.12304002_10206113290529889_202413137826434210_o
გზაში მამა საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, ლექსებს ვიხსენებდით, სიტყვებით ვთამაშობდით და როცა რკინიგზას გადავივლიდით და ჩვენი სკოლა გამოჩნდებოდა, ერთი სიხარული იყო სკოლის საკვამურიდან ამოსული კვამლის დანახვა – ე.ი. სკოლაში სითბო დაგვხვდებოდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ 90-იან წლებში რა მდგომარეობაშიც იყო საქართველოს სკოლები, კარგად მოგეხსენებათ. აი, ჩვენს სკოლაში კი გვქონდა ცენტრალური გათბობა, პროფილური სწავლება, საუკეთესო პედაგოგები და საოცარი გარემო – რუსთაველის დარბაზით, ამა თუ იმ მიმართულების კაბინეტებით, მდიდარი ბიბლიოთეკით… ჩამოდიოდნენ ცნობილი მეცნიერები და გვიკითხავდნენ საჯარო ლექციებს, მერე ეს ადამიანები გაოგნებულები ბრუნდებოდნენ თბილისში – ვერაფრით წარმოედგინათ სადმე, და მით უფრო ხაშურში, ასეთი გარემოს არსებობა.
სკოლის შემდეგ იყო ოჯახური საღამოები, მამას მეგობრები სტუმრად ჩვენს ოჯახში, პოეზიის საღამოები და საოცარი სითბო, რომელიც იმ წლებიდან გამომყვა. ეს ყველაფერი ისე, უბრალოდ არ გავიხსენე.
საერთოდ, ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ხანდახან მგონია, რომ იგივე მე ვარ – იმდენად დიდია მსგავსება. ასეთი კაცია – რაც და ვინც უყვარს, შეუძლია ბოლომდე მიუძღვნას საკუთარი თავი. და როცა ასეთი დამოკიდებულებაა საქმისა თუ ადამიანების მიმართ, ცხადია, შედეგიც ყოველთვის სახეზეა.
მამას მთელი თავისი არსებით უყვარს სიტყვა და ყველაფერი, რაც სიტყვასთანაა კავშირში, უყვარს სწავლების პროცესი, შენების პროცესი და მთელი მისი ცხოვრებაც ეგაა, განუწყვეტელი შენება – ფიზიკური და მეტაფიზიკური მნიშვნელობით.
– სიტყვასთან ძალიან შორეული ბავშვობიდან გქონდა შეხება…
– ეს პირველ ეტაპზე წერის მცდელობების სახით გამოვლინდა კიდეც, შემდეგ ეტაპზე კი – პროფესიის არჩევის სახით, ესეც მამას დამსახურებაა. თუმცა ალბათ გენეტიკაც არის რაღაც თვალსაზრისით დამნაშავე – დედაჩემის მშობლები, ორივე ფილოლოგები იყვნენ: ბებია ინ15293313_10208787170255211_702266631_oგლისურის პირველი პედაგოგი იყო ხაშურში, ბაბუა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
დღეს ის სკოლა, რომლის დირექტორიც იყო მრავალი წლის განმავლობაში ბაბუაჩემი, მისი სახელობისაა და რამდენჯერაც ჩავუვლი ამ სკოლას, რა დაგიმალოთ და,  რაღაცნაირი სიამაყე კი შემიპყრობს ხოლმე. ბებიაც წერდა და ბაბუაც. ბებია თავისთვის, ბაბუა – აქვეყნებდა კიდეც, ძირითადად, ლექსებს. ამას წინათ, ბებიას თარგმანები აღმოვაჩინე და მთარგმნელობის ჟინიც გენეტიკური ყოფილა-მეთქი, გამეცინა. ბიძაჩემიც – ლაშა კაკიაშვილიც ფილოლოგი და მწერალია, გადაუჭარბებლად – იშვიათი ნიჭისა და გონიერების მქონე ადამიანი, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო, ჩრდილში მყოფი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემმა ბავშვობამ განაპირობა ის ცხოვრება, რომელიც მაქვს და ის გზა, რომელსაც ვადგავარ. ეს კარგია თუ ცუდი, ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ დიდი ძალა რომ აქვს გარდუვალობას, ეგ ფაქტია.
ალბათ  პროფესიის არჩევანიც ბავშვობამ განაპირობა…
– პროფესიის არჩევანიც, მართლაც, ჩემმა ბავშვობამ განაპირობა. ის, რომ ფილოლოგი ვიქნებოდი, ეჭვი მაქვს, მამაჩემს ჩემი დაბადებიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ მამას ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ფილოლოგია ავირჩიე პროფესიად და მით უფრო – კლასიკური ფილოლოგია. მამა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. მისი რჩევა იყო კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით მესწავლა. მეც წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, ძველი კულტურები ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ, რომ გითხრათ, ბავშვობიდან შეპყრობილი ვიყავი ამ სპეციალობით-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო სხვა რამე მინდოდა. დღემდე მრჩება ეს სურვილი აუხდენელ ოცნებასავით, მაგრამ არავინ იცის – შეიძლება ოდესმე ავიხდინო კიდეც. ბავშვობაში რეჟისორობა მინდოდა. კერძოდ, თეატრის რეჟისურა მაინტერესებდა. გადაწყვეტილიც მქონდა, ჩამებარებინა თეატრალურში, მაგრამ ბოლო წელს გადავიფიქრე. თეატრისადმი დღესაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, შეუმდგარი სიყვარულივითაა – სულ რომ გაინტერესებს და მთელი ცხოვრება მიგყვება ამ სიყვარულით ვერ აღვსების სევდა. ძალიან ხშირად დავდივარ თეატრში, მაგრამ რეჟისურის ჟინს იქ ვერ ვიკლავ. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ რეალურ ცხოვრებაში ვახერხებ ამ ჟინის რაღაც თვალსაზრისით დაკმაყოფილებას – მიყვარს თამაში, თუ თამაშის დადგმა – ამ სიტყვის კარგი გაგებით – და ხშირად რეალური ადამიანები ხდებიან ასეთი თამაშების პერსონაჟები. ეს ჩემი გატაცებაა.15311380_10208787028971679_345017798_o
რაც შეეხება ჩემს ნამდვილ პროფესიას, მას შემდეგ, რაც ამ სამყაროს ვეზიარე, მივხვდი, რომ ამაზე საინტერესო სამყარო იშვიათად მოიძებნება. სხვათა შორის, ძველ ბერძნულ თეატრზე ვმუშაობ. ჩემი დისერტაციის თემაც ამ საკითხებზეა. ასე რომ, თეატრთან კავშირში ყოფნა რაღაც დოზით მაინც მოვახერხე.
 სტუდენტობარას გაიხსენებთ?
–  სტუდენტობამ ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირფასი რაც მაჩუქა, არიან ადამიანები – ჩემი მასწავლებლები და სტუდენტობის მეგობრები. არ დავმალავ, ხანდახან ძალიან მიკვირს და მიჩნდება კითხვა, რით დავიმსახურე ამდენი ძვირფასი ადამიანი: უბრალოდ გამიმართლა, თუ არის კიდევ რამე ზებუნებრივი ძალა, რომელიც ასე უხვად მასაჩუქრებს? ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები – ესენი არიან ჩემთვის ცხოვრების გზის მაჩვენებლები. ამიტომაცაა, რომ ყველაფერზე შემიძლია უარის თქმა, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის სიხარულზე ალბათ ვერასდროს ვიტყვი უარს.
როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველად ჩაგვიტარდა ლექციები ძველ ბერძნულ ენაში, ანტიკურ ლიტერატურაში, ლათინურში და კლასიკური ფილოლოგიის შესავალში, სწავლის დაწყების პირველსავე დღეს მივხვდი, რომ განსაკუთრებულ გარემოში აღმოვჩნდი – განსაკუთრებული ადამიანებითა და განსაკუთრებული იდეებით აღსავსე გარემოში.
და ეს იგრძნობა ყველგან – კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საქმიანობის ყველა მიმართულებაში. ამიტომაც, სტუდენტობის პერიოდის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი არის ის დღე, როცა პირველად აღმოვჩნდი ამ ინსტიტუტში სტუდენტის სტატუსით და პირველად შევხვდი ჩემს ლექტორებსა და მეგობრებს, რომლებიც შემდეგ ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანებად იქცნენ.
რატომ ბერძნული ენა?15328142_10208787207536143_34357692_n
– 15 წლის წინ რომ დაგესვათ ეს კითხვა, როცა უკვე შერჩეული მქონდა პროფესია და სტუდენტობისთვის ვემზადებოდი, მაშინ ვერ გიპასუხებდით, ან გეტყოდით, რომ უბრალოდ ასე მოხდა. მაგრამ დღეს სხვა პასუხი მაქვს: ვისაც ზოგადად სიღრმეები აინტერესებს – აზრის განვითარების სიღრმეებს ვგულისხმობ – მისთვის ბერძნულ ენასთან შეხვედრა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
მრავალი ენა არსებობს და ცხადია, აბსოლუტურ დასკვნებს ვერ გამოვიტან, რაკი ჩემი ცოდნა ძალიან მწირია, მაგრამ მე რა ენებთანაც კი მქონია შეხება, მათ შორის ბერძნული არის ყველაზე სავსე. არის ეგეთი თეოლოგიური ტერმინი „აღსავსება“, ბერძნულად „პლერომა“, რაც კაცობრიობის ღმერთთან სრულყოფილ ზიარებას აღნიშნავს. ჩემთვის ეს ენა არის სიტყვითი „აღსავსების“ უმაღლესი გამოვლინებაა – მისი ლექსიკური სიმდიდრე, აზრის გამოხატვის უკიდეგანო შესაძლებლობები და საოცარი ჟღერადობა, რომელიც ბერძნულ ენას აქვს, ხშირად მაფიქრებინებს ხოლმე, რომ ტყუილად არ უწოდებენ მას ღმერთების ენას.
გარდა ამ თავისთავადი მშვენიერებისა, ის გარემო არის ძალიან მიმზიდველი, რომელშიც არსებობს ბერძნული უკვე რამდენი საუკუნეა. მოკლედ რომ გითხრათ, მე ძალიან მიყვარს პოეზია და მისი ესთეტიკა მაჯადოებს. ჩემთვის ბერძნული ენა და პოეზია ერთ განზომილებაში მოიაზრება, ესთეტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ვერც კი წარმომიდგენია ამ ენის გარეშე ჩემი არსებობა.
ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია მოიპოვეთ ცნობილი ბერძენი პოეტის კიკი დიმულას პოეზიის თარგმნისთვის. მას მერე  პოეტს უნდა შეხვედროდით…
– კიკი დიმულას თარგმნა მაშინ ვცადე პირველად, როდესაც ქალბატონმა ირინე დარჩიამ, ერთ-ერთ ლექციაზე დიმულას ლექსი წამაკითხა. მანამდე არ ვიცოდი ასეთი პოეტის არსებობის შესახებ. მაშინ ქალბატონმა ირინემ მითხრა, რომ ეს მისი საყვარელი პოეტია. 3670642b-6b0e-442b-91fb-13b1ea50eab3_mw1024_mh1024_s
დავინტერესდი, რადგანაც ამ ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რაც დღემდე ასეა. მაშინ ბერძნული ისე არ ვიცოდი, რომ ბოლომდე გამეაზრებინა კიკი დიმულას პოეზიის სიღრმეები. საერთოდ, ეს პოეტი ისეთ სიღრმეებს სწვდება, რომ მარტო ენის ცოდნა არაა საკმარისი, სიღრმეების წვდომის უნარიც გჭირდება. მახსოვს, რომ მაშინვე აღვფრთოვანდი დიმულას პოეზიით და იმ ლექსის თარგმნაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, კოტეტიშვილის პრემიის კონკურსი რომ გამოცხადდა, საბერძნეთში ვიყავი მაშინ. გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში. ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან უკვე მქონდა თარგმანები – ისე ჩემთვის, სალაღობოდ შესრულებული, მაგრამ რაღატომღაც ვიფიქრე, რომ ახალი თარგმანები უნდა გამეგზავნა.  და მაშინ დავუბრუნდი კიკი დიმულას. მერე, როგორც აღნიშნეთ, ამ თარგმანებმა გაიმარჯვა, მაგ დროს საბერძნეთში სწორედ იმ ფონდის მიერ გაცემული სტიპენდიით ვიმყოფებოდი, რომლის ხელმძღვანელიც კიკი დიმულა იყო და არის დღემდე.
მახსოვს რამხელა სიხარული იყო, წერილი რომ მომივიდა მისი ხელმოწერით, რომლითაც მატყობინებდნენ, რომ სტიპენდია მივიღე. მისი ხელმოწერა უფრო გამიხარდა, მგონი, ვიდრე თავად სტიპენდია. შეხვედრით შევხვდი, მისი პოეზიის საღამოზე, ოღონდ ეს არ იყო დაგეგმილი და სრულყოფილი შეხვედრა. მისი ლექსების ქართული თარგმანები გადავეცი, ჩემი მეგობრის – თეა წულაიას წყალობით, ლამაზად დაწერილ-შეფუთული.
მეორედ უნდა შევხვედროდი, დათქმულიც გვქონდა შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დღეს გაძარცვეს და ჩვენი შეხვედრაც ვერ შედგა.
კიკი დიმულას თარგმნისას, შევეცადე ისეთი ნაწარმოებები შემერჩია, რომლებშიც ქართული პოეზიისთვის მეტნაკლებად უცნობი ფორმები იქნებოდა გამოყენებულიო, – აღნიშნეთ მაშინ. მაინც რომელი ფორმები?
– მოულოდნელ სიტყვათშეთანხმებებს ვიგულისხმებდი. ზოგადად, ტრადიციულ პოეზიად, მოგეხსენებათ, რა სტილის პოეზიაც ითვლება – აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრადიციულ ლექსთწყობას, რითმას, რიტმს. უფრო მეტად, იმ პოეტურ ლოგიკას ვგულისხმობ, რომელსაც მიჰყვება ხოლმე ლექსი. ეს ლოგიკა მეტ-ნაკლებად გამოცნობადია, თვით ისეთი გენიალური პოეტების შემოქმედებაშიც კი, როგორიცაა, ვთქვათ, გალაკტიონი.%e1%83%97%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90
კიკი დიმულას პოეზიის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი თითოეული ლექსი ერთგვარ, არაპროგნოზირებად ლოგიკას მისდევს. ზოგადად, როდესაც ლექსს  და მიჰყვები ერთი სტრიქონის აზრს თუ პოეტურ ფორმას, სადღაც წინასწარ გრძნობ, ამ აზრს რა აზრიც უნდა მოჰყვებს. კიკი დიმულასთან ყველაფერი პირიქითაა, რაც იწვევს გაოცებას და აღფრთოვანებას. სიტყვათა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი შეთანხმებებით იქმნება აზრის ისეთი სიღრმე, რომ შეუძლებელია, მკითხველი არ მოინუსხოს.
ამგვარი პოეტური ფილოსოფია ქართული პოეზიისთვის მაინც უცხოა. ეს ცხადია, სულაც არ აკნინებს ქართულ პოეზიას, მას თავისი ღირსებები აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ ქართული პოეზია, ზოგადად, ნაკლებად ფილოსოფიურია, უფრო მეტი ლირიკაა მასში.
თავის დროზე, კიკი დიმულამ სწორედ ამ პოეტური ფილოსოფიით აღმაფრთოვანა. გარდა ამისა, დიმულას ლექსების სტილისტიკაც ძალიან საინტერესო და უცხოა ქართული სინამდვილისთვის.
მისი მეტაფორული აზროვნება, ფილოსოფიური ხედვა ყოველდღიურობისადმი, უცნაური სტილი – თითქოს მარტივი, მაგრამ, ამავდროულად, ურთულესი, ძალიან დიდ სირთულეს უქმნის მთარგმნელს.
სხვათა შორის, ასეთივე პოეტია დინოს ხრისტიანოპულოსიც, რომელსაც ახლა ვთარგმნი, ოღონდ ოდნავ უფრო მჭახე, ვიდრე დიმულა, მაგრამ ძალიან ღრმა პოეტური აზროვნების მქონე.
მოგეხსენებათ, ბერძნული ენა საოცრად მეტყველი ენაა, ღრმად გამომსახველი – პოეტური და ფილოსოფიური თვალსაზრისით.
ქართული არანაკლებ მშვენიერია, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულს აქვს სერიოზული პრობლემა სიტყვათწარმოების თვალსაზრისით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ენა გაღარიბდა, დაკარგა შემოქმედებითი უნარი – რაც ყველაზე მეტად სიტყვათწარმოების მიმართულებით იჩენს თავს.
როდესაც ძველ თარგმანებს ვკითხულობ, ვთქვათ მთაწმინდელისეულ თარგმანებს, გაოცებას ვერ ვმალავ  და თან გული მწყდება, რომ ის უმშვენიერესი და ულამაზესი ენა ასე დაგვავიწყდა. ეს რთული საკითხია და ამაზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ზოგადად არის პრობლემული, ბერძნულს დღემდე აქვს შენარჩუნებული სიტყვათწარმოების გასაოცარი უნარი. კიკი დიმულას პოეზიაც ეგ არის: სიტყვათა მოულოდნელი შესაბამისობებით თამაში, რაც ძალიან ღრმა, პოეტურ ფილოსოფიასა და გასაოცარ მხატვრულ ფორმებს ქმნის. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ მაშინაც ამას ვგულისხმობდი.
 რას ნიშნავს თქვენთვის თარგმნის პროცესი, რამდენად მნიშვნელოვანია და რატომ?
თარგმნეთ ბერძენი მწერლის, მთარგმნელისა და დრამატურგის დიმიტრის დიმიტრიადისის ნაწარმოებივკვდები როგორც ქვეყანა“. ეს პირველი ქართული თარგმანია. რამ განაპირობა მისი თარგმნა?download
– როდესაც პირველად მხატვრული თარგმანის გაკეთება ვცადე, არ დაგიმალავთ, რომ რამე სერიოზული მიზანი მაშინ არ მქონია. ერთგვარი თამაში იყო და დღემდე თამაშად რჩება თარგმნის პროცესი ჩემთვის.
ზემოთ აღვნიშნე კიდეც, რომ ბუნებით ვარ მოთამაშე, მხიბლავს თამაშის სიტუაცია – როგორც ურთიერთობებში, ისე საქმეში. თუ საქმე თამაშად ვიქციე, მაშინ მთელი არსებით ვაკეთებ ამ საქმეს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა საქმის მიმართ. ალბათ ასეცაა გარკვეულწილად, და ყოფილა შემთხვევები, რომ უსაყვედურიათ ჩემთვის ამის გამო – ყველაზე ხშირად დისერტაციისადმი დამოკიდებულების ამბავში, რომლითაც უკვე რვა წელია „ვთამაშობ“. მაგრამ ამ დროს მახსენდება, ჩემი აზრით, სრულიად გენიალური წანამძღვარი ბესიკ ხარანაულის წიგნისა – „არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ… არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობის სიმძიმის მიმართ…“.
ჩემთვისაც ასეა: როდესაც რამეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, სწორედ მაშინ ვქმნი არასერიოზულობის შთაბეჭდილებას. არადა, სინამდვილეში, პირიქითაა – უბრალოდ, ვცდილობ, თამაშად ვიქციო ეს საქმე.  ხოდა, იმას ვამბობდი, რომ თარგმანიც თამაშ-თამაშით, თითქოს არასერიოზული განწყობით დავიწყე. მერე როდესაც გარკვეული წარმატება მოიპოვა ჩემმა თარგმანებმა, ცოტაოდენი თვითრწმენა მომემატა, იმიტომ რომ დიდხანს არ ვაჩენდი თარგმანებს – ჩემთვის ვთარგმნიდი და ვფიქრობდი, რომ ეს თარგმანები დიდად გამოსაჩენი არ იყო.
დღესდღეობით, ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ თარგმნის პროცესიდან ვიღებ – მხატვრულ თარგმანს ვგულისხმობ. შემოქმედებითი პროცესია, რომელიც გაძლევს საშუალებას – ტექსტის უკვე არსებული სამყარო დაშალო და თავიდან ააწყო. ამისთვის ეს სამყარო, რომელიც თითქოს მზად გეძლევა ტექსტის ფორმით, შენს თავში უნდა შემოუშვა და მერე გაუშვა თარგმანის სახით, რომელიც კი, ცხადია, რომ არის საწყისი ტექსტის სხვა ენაზე გადმოტანილი ვერსია, მაგრამ ამავდროულად, არის სრულიად ახალი ნაყოფი შემოქმედებისა. ზოგადად, ძალიან ვაფასებ კარგ მთარგმნელებს, რადგანაც მგონია, რომ გასაოცარი უნარების მქონე ხალხია. დიმიტრიადისის რომანს რაც შეეხება, მისი თარგმნა,  უპირველესად, განაპირობა იმან, რომ ეს ტექსტი ძალიან მომწონს შინაარსობრივადაც და მხატვრული ფორმების თვალსაზრისითაც. აზრობრივად, ზედმიწევნით თანხვდება არა მხოლოდ ქართულ, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის რეალობას.
– მიხეილ მარმარინოსს სურდა ამ ნაწარმოების ქართულ სცენაზე დადგმა…
– მარმარინოსის სპექტაკლმა მთელი მსოფლიო მოიარა და დღემდე ძალიან პოპულარულია. საერთოდ, ამ ტექსტზე ხშირად აკეთებენ სპექტაკლებს საბერძნეთში, იტალიაში, სხვა ქვეყნებში. მესამე ფაქტორი იყო საკუთარი თავის გამოცდა. რამდენადაც, ურთულესი ტექსტია და მისი თარგმნა ძალიან რთული პროცესი იყო, მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდა. ვინც წაიკითხა, ყველას მოსწონს და ამბობენ, რომ თარგმანიც გამომივიდა, მაგრამ მე აღარ წამიკითხავს, მას მერე რაც ვთარგმნე და არ ვიცი.
ამ თარგმანმა ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსშიმერანიგაიმარჯვა. ალბათ დაფიქრებულხართ, რამ შეიძლება მიიყვანოს სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე მთელი ქვეყანა267065_1862593403190_627536_o
– ძალიან რთული კითხვაა. მე ჩემი აზრი, ცხადია, მაქვს იმაზე, თუ რამ შეიძლება ქვეყანა სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე დააყენოს და ჩვენი ქვეყანაც არაერთგზის მდგარა ამ საფრთხის წინაშე. ჩემი აზრით, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს ქვეყნის სიკვდილი – არა ფიზიკურ, არამედ მორალურ სიკვდილზე ვსაუბრობ, რაც სიკვდილის ყველაზე მძიმე ფორმაა და რაზედაცაა ეს ტექსტი. მოკლედ რომ გითხრათ, ამ ნაწარმოების პათოსს ვიზიარებ – შემოქმედებითობის დაკარგვა ჩემთვისაც ერთმნიშვნელოვნად არის სიკვდილი, ინდივიდუალურ დონეზეც და საზოგადოებრივ დონეზეც. ამ ტექსტში ძალიან კარგადაა ეს ყველაფერი ახსნილი. სხვაგვარად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე საფრთხე არის მის მოქალაქეებში დაბუდებული აპათია. აპათია უსიყვარულობის, უნიჭობისა და უმოქმედობის ყველაზე საშიში გამოვლინებაა ჩემთვის. მე მგონია, რომ სამწუხაროდ, ქართველებს დღესაც გვაქვს ამგვარი აპათიის ნიშნები. ამაზე საუბარი ცუდ განწყობაზე მაყენებს ხოლმე, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
დაწყებულია თუ არა ამ რომანის მიხედვით სპექტაკლზე მუშაობა კინომსხიობთა თეატრში?
– ამ სპექტაკლზე მუშაობა არ არის მარტივი, რადგანაც ძალიან დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული. ორასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს სპექტაკლში – მარმარინოსის ვერსიაზე ვსაუბრობ. ამიტომ სპექტაკლის დადგმა დიდ სირთულეებთანა დაკავშირებული, უპირველესად  – დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
ვიცი, რომ კინომსახიობთა თეატრს ნამდვილად უნდა მარმარინოსის სპექტაკლის დადგმა, მაგრამ ჯერჯერობით საამისო რესურსი ვერ გამოინახა. ვნახოთ, იმედია მომავალში რაღაც შეიცვლება, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება დღეს ამგვარი სპექტაკლები.
ნიტა ტაბიძერას გაიხსენებთ?15300670_10208787093853301_1230458080_n
– ნიტა ტაბიძე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანია, ვინც კი ჩემი ბავშვობიდან მახსოვს – მათ შორის. გასახსენებელი მართლა ბევრი მაქვს. წლების განმავლობაში ვმეგობრობდით მე და მამა ნიტასთან. რაღატომღაც ძალიან ვუყვარდით.
მახსოვს, ჩემი კუთხეც კი ჰქონდა ტიციანის სახლ-მუზეუმში: პატარა მაგიდა, რომელზედაც გამოფენილი იყო ის ჟურნალ-გაზეთები, სადაც ჩემი ბავშვობის ლექსები იბეჭდებოდა და ა.შ. ეს ამბავი გულს მიჩუყებს ხოლმე. არაერთი თბილი საღამო მახსენდება მასთან.
როდესაც მივიდოდით, ისე გადიოდა დრო საუბარში, ვერც კი ვხვდებოდით. გვიყვებოდა ტიციანზე, თავის ბავშვობაზე, ტიციანის მეგობრებზე. ძია პაოლო – ისე იტყოდა ხოლმე, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი: ამგვარი მოხსენიება თავად უკვე ასაკოვანი ადამიანის მხრიდან, მაშინაც იყო და დღემდე არის ჩემთვის გულისამაჩუყებელი. იმდენი ამბავი აქვს მოყოლილი, ყველას აქ ვერ გავიხსენებ, მაგრამ მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე ძვირფასი, რაც ნიტასგან მაქვს დღემდე – ეს არის პატარა კენჭი.
მამაც წერდა, ამას წინათ, ამ ამბის შესახებ და ამიტომ აქ მოკლედ გიამბობთ: როდესაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე, მაშინ ლექსებს ვწერდი და ისე დაემთხვა, რომ „ჩვენს მწერლობაში“ ზუსტად ამ პერიოდში დაიბეჭდა ჩემი ლექსები. მათ შორის იყო ერთი ლექსი ნიტაზე. მისაღები გამოცდების შედეგები რომ გავიგეთ, მე და მამა, გაზეთით ხელში, ნიტას ვესტუმრეთ. ძალიან გაუხარდა ლექსიც და ის ამბავიც, რომ სტუდენტი გავხდი. უცებ შეშფოთდასავით, ამ დღის აღსანიშნავად რაღაც უნდა გაჩუქო და არ ვიცი – რაო. მერე გვერდით ოთახში გავიდა, იქიდან პატარა ყუთი გამოიტანა და გახსნა. რამდენიმე კენჭი იყო ამ ყუთში. ერთი ლამაზი კენჭი აიღო და მომცა. ეს კენჭი დღემდე ყველაზე ძვირფასი ნივთია ჩვენს ოჯახში, რადგანაც მას თავისი ისტორია აქვს – სიყვარულით სავსე ისტორია, რომელიც ბევრ ათეულ წელს ითვლის.
ნიტამ მაშინ გვიამბო ეს ისტორია: ტიციანი, პაოლო, ვალერიან გაფრინდაშვილი და ანდრეი ბელი ქობულეთს სტუმრობდნენ და მაშინ ერთად შეაგროვეს ლამაზი კენჭები, რომლებსაც იმ კონკრეტული დღის სამახსოვროდ, ჯერ ტიციანი ინახავდა, მერე ნიტა. ამაზე ანდრეი ბელიც წერს თავის ერთ-ერთ წიგნში. ჰოდა, ნიტამ ერთ-ერთი კენჭი მაჩუქა, როგორც ერთგვარი თილისმა ბედნიერი მომავლისთვის. ეს მართლა ყველაზე დასამახსოვრებელი და ძვირფასი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია.
თსუის წიგნის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი ხართ. რა პრობლემები გაქვთ?15302362_10208787027611645_204641201_o
– ისე მოხდა, რომ უკვე ბევრი წელია საგამომცემლო საქმესთან გარკვეული შეხება მაქვს. ერთი წლის წინ გაიხსნა უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია პირველ კორპუსში და შემდეგ უკვე – მაღლივ კორპუსშიც. მიუხედავად მცირე დროისა, ვფიქრობ, საკმაო წარმატებები უკვე გვაქვს. თსუ-ს გამომცემლობა, მოგეხსენებათ, მრავალ წელს ითვლის და ყოველთვის ჰქონდა მას თავისი ადგილი ქართულ საგამომცემლო სივრცეში. თუმცა პრობლემები, ცხადია, არსებობს. უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად მაქსიმალური მცდელობისა, სტუდენტებისთვის მაინც არა არის ადვილად ხელმისაწვდომი ჩვენი წიგნები – ფასს ვგულისხმობ, თუმცა ამ საკითხზე მიდის მუშაობა და იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება. ასევე სერიოზულ პრობლემას ქმნის ბიუროკრატია.
მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი არ არის კომერციული ორგანიზაცია, შესაბამისად – თსუ წიგნის მაღაზიას არ აქვს ისეთი ფართო ასპარეზი, როგორიც სხვა გამომცემლობებს ან წიგნის მაღაზიებს აქვთ, რაც უპირველესად, სტუდენტებს აზარალებს. თუმცა მაინც ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტში თავისთავად არსებობს ბევრი პრობლემა და ეს ყველასა და ყველაფერზე მოქმედებს. ეს ძალიან ვრცელი თემაა და ცალკე განსჯის საგანი, მაგრამ აქ რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რაც ყველამ კარგად იცის: უნივერსიტეტიც და მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სტრუქტურაც სერიოზულ რეორგანიზაციას საჭიროებს, ოღონდ პროფესიონალებისა და უნივერსიტეტისადმი სიყვარულით განმსჭვალული, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანების მხრიდან და ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ერთხანს საბერძნეთში ცხოვრობდით რამდენად იცნობენ ქართულ მწერლობას  საბერძნეთში?
– უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან და ბევრჯერ გამიმართლა. ჩემი ერთ-ერთი გამართლება სწორედ ისაა, რომ მოვახერხე, შემეგრძნო ბერძნულ-იტალიური სტუდენტობის მთელი ხიბლი.
საბერძნეთთან ჩემი დამოკიდებულება ნამდვილად სცდება უბრალო სიყვარულის ჩარჩოებს, ეს ჩემი ქვეყანაა, რომლის სამყაროშიც ვცხოვრობ და რომლის სულსაც მუდმივად თან ვატარებ, სადაც არ უნდა ვიყო. იტალიაზეც იგივეს თქმა შემიძლია, თუმცა საბერძნეთთან მაინც სხვა განზომილების სიყვარული მაკავშირებს.
რომ გითხრათ – კარგად იცნობენ ქართულ კულტურას-მეთქი, მოგატყუებთ. დამეთანხმებით, ძნელად თუ მოიძებნება ბევრი ისეთი ქვეყანა, ამდენსაუკუნოვანი ისტორია რომ აკავშირებდეს ერთმანეთთან, როგორიც საბერძნეთი და საქართველოა. მაგრამ ერთგვარი პარადოქსია ის, რომ ბერძნები და ქართველები მაინც არ ვიცნობთ ისე ერთმანეთს, როგორც უნდა ვიცნობდეთ – კულტურულ კონტექსტში, ცხადია. ამის გამო, არაერთი იმედგაცრუებაც მქონია – აქაც და საბერძნეთშიც. მაგრამ მაინც უფრო მეტად საბერძნეთში.
გული დამწყვეტია ბერძნებზე – როდესაც აღმომიჩენია, რომ საქართველოს მხოლოდ სოციალურ კონტექსტში იცნობენ და წარმოდგენა არ აქვთ მის კულტურასა და ისტორიაზე. მაგრამ ეს არაა ბერძნების ბრალი. საერთოდაც, სხვების ბრალი არაა ის, რომ სხვა ქვეყნებში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ ჩვენი მთავარი ღირსებების გადაფარვას ჩვენივე უარყოფითი მხარეებით. ლიტერატურას რაც შეეხება, როგორ უნდა იცნობდნენ, როდესაც სულ თითზე ჩამოსათვლელი თარგმანები მოგვეპოვება ბერძნულად?15320515_10208787027171634_1108460807_n
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში პროგრესი მაინც არის. ათენში არსებობს განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, რომელიც ამ მიმართულებით მართლა ფასდაუდებელ ღვაწლს სდებს ქართულ კულტურას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საქმიანობაც აღსანიშნავია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით. მაგრამ ქართულ ლიტერატურას საბერძნეთში მაინც არ იცნობენ ისე, როგორც საჭიროა.
უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ „ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულ თარგმანზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თარგმანი გახდება ერთგვარი იმპულსი იმისათვის, რომ მეტი და მეტი ნაწარმოები ითარგმნოს ქართულიდან ბერძნულად. ეს, უპირველესად, ჩვენ გვჭირდება, სჭირდება იმ უამრავ ქართველს, ვინც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე რომ, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და იმედი მაქვს, ქართული ლიტერატურა ბერძნულ სამყაროშიც იტყვის თავის სათქმელს.
ყველაზე ბედნიერი დღე
– ბევრი ბედნიერი დღე შემიძლია დავასახელო, მაგრამ ყველაზე ბედნიერი – არ ვიცი. ზოგადად, მიჭირს ხოლმე ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. ალბათ იმიტომ, რომ პირადად ჩემთვის ყველა დღეს მოაქვს თავისი წილი ბედნიერებაც და უბედურებაც, მთავარია – პირველი ჭარბობდეს.
 მწერლები, რომლებიც  განსაკუთრებულად გიყვართ…
– აქაც წინა პასუხის მსგავსი პასუხი მექნება. მრავალი მწერალი მიყვარს ან მყვარებია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ერთი ან რამდენიმე განსაკუთრებულად საყვარელი მწერალი არ მყავს, თუ არ ჩავთვლით ეკზიუპერს, უფრო კონკრეტულად კი ნაწარმოებს – პატარა პრინცს, რომელიც, მე მგონი, ყველას უყვარს, ვისაც კი წაუკითხავს. გემოვნებისა თუ განწყობების ცვალებადობის ამბავია. ჩემი ბოლო რამდენიმე წლის ამოჩემებული მწერალი ნიკოს კაზანძაკისია. ისე კი უამრავი მწერალია, რომელიც მომწონს, და მათ შორის ჩვენი თანამედროვე – ქართველი მწერლები.
საყვარელი სტრიქონები….
– რაკი, ფრაზეოლოგიაც განწყობების მიხედვით მეცვლება, ამ ეტაპზე საყვარელ სტრიქონად პავლე მოციქულის ფრაზა შემიძლია გავიხსენო – „მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს”…
 კაზანძაკისი ახსენეთ… სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, მის თარგმნას ხომ არ აპირებთ?
– სიმართლე გითხრათ, არც  სამომავლო გეგმები მაქვს ასე წინასწარ განსაზღვრული. რაღაცები მინდა, რომ გავაკეთო, მაგრამ ამას გეგმა არ ჰქვია, უფრო სურვილებია. რამდენადაც ცვალებადი განწყობების ადამიანი ვარ, ხშირად იცვლება ჩემი სურვილები, ხანდახან საათში – რამდენჯერმეც. ამიტომ, ძირითადად, სპონტანურად ვაკეთებ ყველაფერს – განწყობიდან გამომდინარე. თუმცა რამდენიმე სურვილის დასახელება მაინც შემიძლია, რაც გეგმად უნდა ვიქციო – დისერტაციის დაცვა, კიკი დიმულას ლექსების თარგმანების წიგნად გამოცემა, კაზანძაკისის „უკანასკნელი ცდუნების“ თარგმნა და მერე იმ ყველაფრის შეცვლა, რასაც კი ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება გულისხმობს.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები