პროკურატურა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ასახელებს

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ რჩება ერთ-
ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების ერთი წლის ანგარიშში, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროსაც მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახა ამ სფეროში მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება-მედიაციის) გამოყენების მაჩვენებელი, მინიმუმამდეა დაყვანილი განრიდების მექანიზმის გამოყენებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები, უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროულობა, შემცირებულია არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, საპატიმრო გირაოსა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი.
“2010 წლიდან (განრიდების პროგრამის ამოქმედებიდან) დღემდე სულ განრიდებულია 1365 არასრულწლოვანი, საიდანაც ყველაზე მეტი – 326 არასრულწლოვანი განრიდებული იქნა 2016 წელს. 2016 წელი არის პირველი წელი, როდესაც განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობა ბევრად აჭარბებს დევნადაწყებული არასრულწლოვნების რაოდენობას, მაშინ როდესაც, წინა წლებში დევნის დაწყების მაჩვენებელი აჭარბებდა განრიდების მაჩვენებელს. განრიდების მაჩვენებლის ზრდა არ არის განპირობებული არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მომატებით. აღნიშნულს მოწმობს დევნადაწყებული და განრიდებული არასრულწლოვანი პირების რაოდენობის ერთმანეთთან შედარება. განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობის ზრდა განაპირობა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის დაწყების შემცირებამ, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 იანვრიდან, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვნის განრიდების მიზნით საქმე დაუბრუნოს პროკურორს.
“2016 წლის 9 თვეში განრიდებული 326 არასრულწლოვნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით განრიდდა 32 მათგანი. პროკურორების მიერ საკუთარი ინიციატივით განრიდების მაღალი მაჩვენებელი და სასამართლოს მიერ განრიდების მიზნით საქმის უკან დაბრუნების დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ პროკურორები დროულად და სწორად იყენებენ განრიდების მექანიზმს და სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.განრიდების პროგრამის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, ვინაიდან, თითქმის არ ფიქსირდება განრიდების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევები (2016 წლის 9 თვეში 326 განრიდებულიდან მხოლოდ სამმა მათგანმა დაარღვია განრიდების ხელშეკრულების პირობა).განრიდების გამოყენება, უმეტესწილად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების მიმართ ხდება. თუმცა, არის მძიმე კატეგორიის დანაშაულზე განრიდების შემთხვევებიც. 2013 წელს განრიდებული არასრულწლოვნების 28%-ს ჰქონდა ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული, 2014-2015 წლებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 3-4%-ით, ხოლო 2016 წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით – 9%-ით. განრიდება, ძირითადად, გამოყენებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების მიმართ. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში განრიდებული 326 არასრულწლოვნიდან, 226 (69%) მათგანს
ჩადენილი ჰქონდა ქურდობა. განრიდების მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია პროკურორის მიერ შემჭიდროვებულ ვადაში არასრულწლოვნის განრიდების გადაწყვეტილების მიღება, რათა იგი აარიდოს დევნის დაწყებასა და სასამართლო პროცედურებს. 2016 წლის 9 თვეში განრიდებული 326 არასრულწლოვნიდან 75%-ის განრიდება განხორციელდა დანაშაულის ჩადენიდან 2 თვის ვადაში. ასევე, 2016 წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. თუ 2014 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 38% განრიდდა დევნის დაწყების შემდგომ, 2015 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 25%-მდე, ხოლო 2016 წლის 9 თვეში 17%-მდე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მისი მიხედვით, “საქართველოს პროკურატურისთვის ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებული, რომელსაც ზიანი მიადგა არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად.
“იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორების დახმარებით, ბოლო 2 წელიწადში საგრძნობლად არის გაზრდილი მედიაციის მაჩვენებელი. თუ 2014 წელს მედიაციის მაჩვენებელი იყო 18%, 2015 წელს ეს მაჩვენებელი იყო 48%, ხოლო 2016 წლის 9 თვეში – 45%. განრიდების პროგრამაში მედიაციის მაჩვენებლის ზრდა პირდაპირ კავშირშია დაზარალებულის კმაყოფილებასთან, რაც საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გატარებული ღონისძიებებისა და ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, დადებითი ტენდენციები შეინიშნება სხვა მიმართულებებითაც. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა შემცირებული არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. 2009 წელს პატიმრობა გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა 42.6%-ის მიმართ, 2010 წელს – 39.7%-ის მიმართ, 2011 წელს – 24.6%-ის მიმართ, 2012 წელს – 21.6%-ის მიმართ, 2013 წელს – 11.1%-ის მიმართ, 2014 წელს – 12.5%-ის მიმართ, 2015 წელს – 9.4%-ის მიმართ, ხოლო, 2016 წელს – 4%-ის მიმართ. აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ დაბალია”.
გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, მინიმუმამდეა დაყვანილი არასრულწლოვნებში საპატიმრო გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვნებში პატიმრობის შემცირება არა საპატიმრო გირაოს, არამედ, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების და დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების გაზრდის ხარჯზე მოხდა. 2013-2015 წლებში საპატიმრო გირაოს გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ 2009-2011 წლებთან შედარებით განახევრებულია, ხოლო 2016 წელს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ ერთ პირს
შეეფარდა. ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული საპატიმრო სასჯელების მაჩვენებელშიც გამოიხატა. 2016 წლის 9 თვეში, საპროცესო შეთანხმების შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული საპატიმრო სასჯელის (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის) მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4%). ამასთან, 2016 წლის 9 თვეში, საპროცესო შეთანხმების შედეგად, საპატიმრო სასჯელშეფარდებული 17 არასრულწლოვნიდან 15 წარსულში ნასამართლევია”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები