რატომ „ურეკავს“ ნიკა რურუა მთაწმინდის მცხოვრებლებს ფარული ნომრიდან და არღვევს თუ არა ის კანონს (ჩანაწერი)

 

არავის გვიკვირს მობილურ ტელეფონზე მიღებული სარეკლამო შეტყობინებები, სადაც სხვადასხვა სახის სერვისს გვთავაზობენ. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც მობილურ ტელეფონზე არა სარეკლამო აგენტი, არამედ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი “გვირეკავს” და გვარწმუნებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ქვეყანაში „ერთი პარტიის ხელში შეუზღუდავი ძალაუფლების მოხვედრის“ ასაცილებლად, ოპოზიციურ პარტიებს უნდა დავუჭიროთ მხარი. განსაკუთრებით საინტერესო კი ის ფაქტია, რომ პოლიტიკოსი, რომელიც პირად ნომერზე „გვიკავშირდება“ და მომავალი თაობის კეთილდღეობაზე საუბრობს, დაფარულ ნომერს იყენებს.

საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, კულტურისა და განათლების ყოფილ მინისტრ ნიკა რურუაზეა. ხოლო სატელეფონო ზარი, ჩვენი ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ არაერთ ადამიანთან განხორციელდა. ქეთევანი ერთ-ერთი მათგანია:

14825595_1035639663249100_851966670_n“წლებია, რაც მთაწმინდის რაიონში ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ჩემი ტელეფონის ნომერი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში. ნიკა რურუას სახელით ჩემთან ორჯერ დაირეკა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მართლაც ის იყო და მივესალმე, მაგრამ რომ გათიშა, მივხვდი, რომ ავტომატური ზარი იყო. მერე ვიფიქრე, ვიღაცამ გაიხუმრა-მეთქი. გარკვევა, რომ დავაპირე და ტელეფონს დავხედე. დავინახე, რომ რურუას დაფარული ნომრით დაურეკავს. მაინტერესებს, ვის ემალება ან რომელ ნდობაზე და მომავალზე მელაპარაკება, როცა ამომრჩეველს ტელეფონის ნომერსაც ვერ უმხელს”, – ამბობს ქეთევანი.

მთაწმინდის რაიონში ცხოვრობს თამარიც. წინა რესპონდენტის მსგავსად, სატალეფონო ზარი რურუასგან მასთანაც დაფარული ნომრიდან განხორციელდა.

„პირველად რომ დამირეკეს, მართლაც რურუა მეგონა, მეორედ რომ დამირეკა, გავთიშე. დღეს მესამედაც შემოვიდა ზარი. უცნაური ჩემთვის ის არის, რომ დაფარული ნომრიდან მირეკავს. სარეკლამო შეთავაზებას რომ გიკეთებენ, ამბობენ, როგორ უნდა მოიქცე. თუ არ გსურს მათგან ზარის მიღება. აქ კი მსგავსი არაფერი იყო ნათქვამი. მე მაგალითად, აღარ მინდა, რომ რურუას სახელით ზარი შემოვიდეს”, – განაცხადა თამარმა.

14875066_1761683947416508_761491459_nფარული ნომრით განხორციელებულ სატელეფონო ზარს სოციალური ქსელის ფეისბუქის მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ.

„მთაწმინდელებო, ნიკა რურუამ თქვენც დაგირეკათ? თუ მე მხვდა ეს პატივი წილად? დაფარული ნომრიდან დარეკა, გამარჯობა, ნიკა რურუა ვარო. გაგიმარჯოს-მეთქი, მერე მივხვდი, რომ ჩანაწერი იყო”,- წერს თათო.

„კვირა“ ნიკა რურუას დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარები ნამდვილად განხორციელდა. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მოხდა მოქალაქეების მონაცემთა ბაზების მოპოვება ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რურუა ასე პასუხობს:

 „მონაცემთა ბაზები მე არ მომიპოვებია, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ოპერაცია. ალბათ მოგსვლიათ რეკლამები „ფრესკოსგან“ და ბანკისგანაც. ჩვენც იგივე კომპანიის გამოყენებით ვაკეთებთ ამას. მე ნომრები არ მაქვს და არც მჭირდება. არის ჩვეულებრივი ბაზა, რომელსაც პოლიტიკური რეკლამისთვის ვიყენებთ. სრულიად კანონიერია.  სხვათა შორის, ამას ჩემი ოპონენტი სალომე ზურაბიშვილიც აკეთებდა“, – განაცხადა რურუამ.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო ჩანაწერში ნათქვამი იმ ინსტრუქციის შესახებ, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც მოქალაქე განმეორებით ზარს აღარ მიიღებდა და იცოდა თუ არა მან, რომ ეს სავალდებულო მექანიზმი იყო, რურუამ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი მხოლოდ ერთხელ მოხდა.
„ეს ერთხელ განხორციელდა, დღეს, ბოლოჯერ – ეს არის და ეს. არაფერი ხარვეზი არ არის. კანონში მსგავსი მოთხოვნა არ არის“, – განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით,  რა ნომრიდან განხორციელდებოდა მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
„ჩემთვის მთავარია, მესიჯი მივიდეს, საიდან მივა, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ტექნიკური საშუალება ასეთ ფუნქციას იძლევა, რომ განხორციელდეს ზარი ქალაქის ტელეფონიდანაც, მაგრამ ამას შეიძლება უფრო არ უპასუხონ, ამიტომ ასე გადაწყდა “, – განაცხადა რურუამ.

maxresdefault„კვირა“ შეეცადა გაერკვია, აქვს თუ არა უფლება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ამომრჩეველთან  სატელეფონო ზარის მეშვეობით გაავრცელოს ჩანაწერი და ასეთი გზით მოუწოდოს მხარდაჭერისკენ. როგორც იურისტი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, ამომრჩეველთან ურთიერთობის ამგვარი ფორმა მისთვის გაუგებარია და არასერიოზულ შთაბეჭდილებას ქმნის.

„სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან უცნაური შემთხვევაა.  საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, შეხვდეს ამომრჩეველს, გააცნოს საკუთარი პროგრამა და წინადადებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არანაირ შეზღუდვას არ უშვებს.  პირიქით, მისი პირდაპირი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი შეხვდეს ამომრჩეველს და თავისი მოსაზრებები გააცნოს. რაც შეეხება ამომრჩეველთან ურთიერთობის სატელეფონო ფორმას, არც ამის ფორმაა კანონმდებლობით რეგულირებული. მოცემულ შემთხვევაში, ამომრჩევლებთან ურთიერთობის ასეთი ფორმა აბსოლუტურად  გაუგებარია და შეიძლება ითქვას,  რომ არასერიოზულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს. თუ რამდენად  ეფექტური და სტრატეგიულია ამომრჩეველთან ასეთი ტიპის ურთიერთობა, ეს თავად ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს“,- განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეკითხვაზე, ითვლება თუ არა კანონდარღვევად ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკოსი დაფარულ ნომერს იყენებს, კაიკაციშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ამომრჩევლის ნების და განწყობის ბოროტად გამოყენებადაც ჩაითვალოს.
„აქ უკვე პრობლემაა, რადგან პიროვნება, რომელიც  ახორციელებს ზარს, შესაძლოა სულაც არ იყოს კანდიდატი და იყოს სახელისუფლებო ან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩეველთან კონკრეტული ზარის განხორციელების დროს, სხვა პიროვნების სახელით საუბრობს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის  ნამდვილ ნებაზე ზემოქმედების ფაქტი. თუ საუბარია იმაზე, რომ ამომრჩეველმა სწორედ ოპოზიციურ პარტიას უნდა დაუჭიროს მხარი, იმის გამო, რომ არ მოხდეს ერთი პარტიის კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს კანონდარღვევას“,- განაცხადა კაიკაციშვილმა.

14441143_819170681559112_907287772013201639_nიმის გასარკვევად, აქვს თუ არა უფლება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრს, წვდომა მოიპოვოს ამომრჩევლის სატელეფონო ბაზაზე და დაფარული ნომრით გაავრცელოს ჩანაწერი,  „კვირა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსაც დაუკავშირდა.
აპარატში განმარტავენ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზება არ ითვლება მარკეტინგულ შეთავაზებად,  თუმცა  კანონის თანახმად, ფიზიკური პირის სატელეფონო ნომერი პერსონალური მონაცემია, რომლის  გამოყენებისთვისაც აუცილებლად კანონიერი საფუძველია საჭირო. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს სრული უფლება აქვს დაინტერესდეს, თუ როგორ მოხდა მისი მონაცემის დამუშავება და სურვილის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი წაშლაც.

„ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომერი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და აღნიშნული მონაცემების შეგროვებისა და გამოყენებისთვის (მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირებისთვის) სავალდებულოა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლის არსებობა. ამასთან, ამავე კანონის 21-ე და 22-ე მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებელს (განსახილველ შემთხვევაში სატელეფონო ზარის განმახორციელებელს) მოსთხოვოს ინფორმაცია, თუ რა საფუძვლით მუშავდება მისი პერსონალური მონაცემები და ასევე მოითხოვოს უკანონოდ დამუშავებული მონაცემების წაშლა, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი, თავის მხრივ, ვალდებულია 15 დღის ვადაში წაშალოს უკანონოდ დამუშავებული მონაცემი ან/და მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი. ამდენად, აღნიშნული საქმის შესწავლისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ რა საფუძვლით მოხდა ფიზიკური პირების სატელეფონო ნომრების შეგროვება და გამოყენება, ასევე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელმა უზრუნველყო თუ არა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესრულება”,-განგვიცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები