ეროვნული ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი სიახლისთვის   ემზადება – კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მალე წიგნის მუზეუმი გაიხსნება, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი იქნება. აქ განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტულ ფონდში დაცული  საგანძური, ყველა უძველესი წიგნი და იშვიათი გამოცემები.
ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის შენობის რემონტი მიმდინარეობს. „კვირა“ ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილს და სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო სამშენებლო სამუშაოებისა და მისი ვადების შესახებ.

14715628_1110290502353282_5524866935138305461_o

 – ბატონო, მირიან, რა ვითარებაა სადღეისოდ?
– საუბარია ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსზე, რომელიც 1913-1916 წლებში აშენდა როგორც სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი და განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურით, მშენებლობის ისტორიით. შენობა მთლიანად ქართულ სტილშია აგებული, მისი არქიტექტორი იყო ანატოლი კალიგინი, მხატვარ-დიზაინერი კი წარმოშობით პოლონელი ჰენრიხ ჰრინევსკი. მისივე მოხატულია პირველი კორპუსის ფოიე.  ბიბლიოთეკის ფასადის მოპირკეთება და ჩუქურთმების ულამაზესი კვეთა იმეორებს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების იმ შესანიშნავ მორთულობას, რომელიც ატარებს ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლები.  შენობა, მართლაც, განსაკუთრებული და ისტორიულია, იგი ბიბლიოთეკას  1931 წელს გადმოეცა.
– როგორც ვიცი, პირველი კორპუსი 2009 წლიდან აღარ ფუნქციონირებს…
– პირველი კორპუსის შენობა 2009 წლის შემდეგ დაიკეტა, რადგან ავარიულად გამოცხადდა. წელს შევძელით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და დავასრულეთ კიდეც. გამაგრებულია საძირკველი და საფუძვლები. მიდის სარემონტო სამუშაოები, რაც ნიშნავს იმას, რომ 2009 წლის შემდეგ დაკეტილი შენობა გაიხსნება და მოემსახურება მკითხველს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შენობას შეუნარჩუნდება აბსოლუტური ავთენტურობა და რემონტისას დაცული იქნება ყველა ის ხაზი, რაც სულ თავიდან, შენობის მშენებლობისას  იყო გათვალისწინებული.14681107_1110285845687081_774368070581711005_o
– ამჟამად სად, შენობის რომელ ნაწილში მიმდინარეობს რემონტი და ვინ უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას?
– ახლა ზედა, მეორე სართულზე მიმდინარეობს წიგნის მუზეუმის რემონტი, სადაც, სამუზეუმო სივრცეში  განთავსდება ჩვენი რარიტეტული ფონდი, აქ დაახლოებით თვენახევარში დასრულდება სარემონტო სამუშაოები და შემდეგ სამუზეუმო სივრცე მოეწყობა. ამ ნაწილის სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს დავით ბეჟუაშვილის „განათლების ფონდი“.  ხოლო მთლიანი გამაგრებითი სამუშაოები – ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც, ბუნებრივია, დაგვეხმარა საქართველოს პარლამენტი.
– თქვენ წინა ინტერვიუს დროს, ასევე მითხარით, რომ დამწერლობის და ქართული შრიფტის მუზეუმის დაფუძნებასაც გეგმავთ…
– შენობის ნულ სართულზე აღმოჩნდა ძალიან საინტერესო სარდაფის ფართი, სადაც განთავსდება დამწერლობის და ქართული შრიფტის მუზეუმი. ამ სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. დამწერლობის მუზეუმში თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი რეტროსპექტივა იმისა, თუ რა გზა გაიარა ქართულმა დამწერლობამ.
ასე რომ, მთლიანად პირველი კორპუსი სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე იქნება.
ვინაიდან შენობა ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, და იქ განთავსებული ფონდებიც  უნიკალურია, ეს უნიკალური ფონდები ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის. მათ უნდა ვანახოთ, რა გაგვაჩნია ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ეროვნულ ბიბლიოთეკას.
– წიგნის მუზეუმი როდიდან გაიხსნება?14711069_1110290415686624_2958301916287330498_o
–  წიგნის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები დასრულება დაახლოებით ამ წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. შემდეგ საჭიროა გარკვეული დრო სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად. დავასახელებთ კონკრეტულ თარიღსაც  და გაიხსნება წიგნის მუზეუმი.
უმოკლეს ხანში დავასრულებთ კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდ ნაწილს. თუმცა არის დარჩენილი ფართი, სადაც 2017 წელსაც გაგრძელდება სამუშაოები. 2017 წლის ბოლოს კი მთლიანად დასრულდება პირველი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები და შენობა ქართველ ხალხს ჩაბარდება ისეთივე სახით, როგორიც იყო აშენების პერიოდში.
– ზემოთ შენობის ისტორია ახსენეთ, რომლის შეხსენებაც ნამდვილად ძალიან საინტერესოა დღევანდელი ახალგაზრდობისთვის…
–  როგორც მოგეხსებათ, ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი აშენდა, როგორც საადგილმამულო ბანკის შენობა და ეს შენობა ტიპურ საბანკო დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა, თავისი სამუშაო ოთახებით და საოპერაციო სივრცეებით. შენობის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა 1912 წელს და მშენებლობა ერთი წლის შემდეგ დაიწყო.  14715555_1110285942353738_4231714101778017530_o
არქიტექტორი კარგად იცნობდა ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას. კალიგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის ზოგიერთი ძეგლის ანაზომები. შენობის ავტორები ასევე კარგად იცნობდნენ ქართულ  საეკლესიო მოხატულობას, რომლის ფრაგმენტებიც გამოყენებულია შიდა მხატვრობაში. ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნით ძმებ აგლაძეებს.
მოჩუქურთმებული ბურჯები, ამ ბურჯებზე დაყრდნობილი გალერეები, შენობის კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმელები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის გრანდიოზულ ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი  ფორმები და სხვ.  ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია.
– წიგნის მუზეუმში რა სახის გამოცემები განთავსდება?
– დალაგდება და გამოიფინება საცავში არსებული რარიტეტული ფონდები, რომელიც უნიკალური გამოცემებით არის შედგენილი. როდესაც წიგნის მუზეუმი გაიხსნება, ნებისმიერ მსსურველს სრულიად უფასოდ  შეეძლება, დაათვალიეროს ისეთი უნიკალური გამოცემები, როგორიცაა ვახტანგის სტამბის გამოცემები, უნიკალური ქართული ლექსიკონები, „ვეფხისტყაოსნის“, დედაენების  და სხვა კოლექციები. ყველა ის წიგნი იშვიათი გამოცემებისა, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული. ასევე გამოფენილი იქნება ორიგინალურად ნაბეჭდი წიგნები.14713087_1110290539019945_2043465388360652920_o
შენახვის სრული პირობები გათვალისწინებული იქნება, როგორიც სხვა თანამედროვე წიგნის მუზეუმებშია. სივრცე საკმაოდ დიდია, ვფიქრობ, ამიერკავკასიაში ასეთი დიდი წიგნის მუზეუმი არ არსებობს და პირველად თბილისში გაიხსნება. აქ განთავსდება როგორც ქართული, ასევე ზოგადკავკასიური ლიტერატურა, უნიკალური უცხოური გამოცემები. ეს გამოცემები ყველასთვის, – მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, ქვეყნის სტუმრებისთვის და უბრალო მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო იქნება.
საგულისხმოა, რომ შენობა დაარსდა 1916 წელს და ზუსტად 100 წლის შემდეგ გამაგრდა, ასი წელი გავიდა მას მერე. ეს ისტორიული მოვლენაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ  მომავალ წელს  კორპუსის სრულად  გახსნაც დაიგეგმა,  ფაქტია, რომ მნიშვნელოვან ეპოქაში ვართ, რაც ამ კორპუსებს და შენობას უკავშირდება.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

14615649_1110290359019963_5325930977565024123_o
14682095_1110286009020398_380909320141715499_o

14691317_1110285979020401_9005590243581036269_o

14700775_1110285975687068_608905740397090291_o

14711424_1110285969020402_6559662730010123850_o

14706800_1110285832353749_2257849214441157313_o

14700982_1110285859020413_2819265588420608964_o

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები