ირაკლი კობახიძე: ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია

„კიდევ ერთხელ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.
”ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არც ერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში არაერთი ნორმაა დასახვეწი.
”ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, სათანადოდ ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე უნდა იყოს ეფექტიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება, რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და, საბოლოო ჯამში, პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები