დევიდ ლემი: ბატონ პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ G7 გეგმავს შემდგომ ნაბიჯებს რუსეთზე ზეწოლის მიზნით, რათა ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

მისი თქმით, G7-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გასულ კვირას კანადაში გამართულ შეხვედრაზე ამისათვის საერთო საფუძველი იპოვეს.

მანვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება ახლა უკვე მაგიდაზე დევს და უკრაინა სერიოზულად არის მშვიდობისკენ მიმართული, ახლა ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია, როგორ უპასუხოს მას.

„ახლა ყურადღების ცენტრში პუტინია. პუტინმა უნდა უპასუხოს, პუტინია ის, ვინც უნდა აირჩიოს – ბატონო პუტინ, მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი? შეაჩერებთ ბრძოლას თუ დროს გააჭიანურებთ, ცეცხლის შეწყვეტას მხარს მხოლოდ სიტყვებით დაუჭერთ და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ დარტყმებს გააგრძელებთ? ბატონ პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, როგორც ჩანს, პუტინი არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით და ამიტომ G7 განიხილავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემდგომი ქმედებების შესაძლებლობას.

„თუ პუტინი ამას არ აპირებს და უნდა ვთქვა, რომ ჯერ ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ის ამას გააკეთებს, G7-ის შეხვედრა დაგვეხმარა მოვამზადოთ ინსტრუმენტები, რათა რუსეთმა სერიოზული მოლაპარაკებები წამოიწყოს“, – თქვა ლამიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები