დოკუმენტური ფილმების ფესტივალთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმების მეოთხე  საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC–Tbilisi იწყება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ჟიურის წევრი ჟან-ივ ლავუარი და რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი უძღვებოდნენ.
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC–Tbilisi – 21-25 ოქტომბერს ჩატარდება; კინოჩვენებებს უმასპინძლებს კინოთეატრები – “ამირანი”, “რუსთაველი”, ასევე Frontline Club და გოეთეს ინსტიტუტი.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და ვორკშოპები, შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციები:
საერთაშორისო საკონკურსო სექცია, სადაც შერჩეულია შემოქმედებითი გამარჯვებული დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან;
CivilDOC – საკონკურსო სექცია, რომელიც წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე და მოიცავს ფილმებს ადამიანის უფლებების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: უმცირესობების პრობლემები, გენდერული საკითხები, სამოქალაქო აქტივიზი და სხვა;
CinéDOC Young – უნიკალური სექციაა, სადაც ჩართულები არიან რვიდან – თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. მათ საშუალება ეძლევათ დაესწრონ ფილმების ჩვენებას, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში სპეციალურად მოწვეულ მოდერატორებთან და ჩაერთონ უცხოელ რეჟისორებთან კითხვა-პასუხის ფორმატის სესიებში.
Focus Caucasus სექცია, რომელშიც მონაწილეობენ რეჟისორები კავკასიის რეგიონიდან და წარმოდგენილია დოკუმენტური ნამუშევრები კავკასიის რეგიონზე. თითოეული ფილმი აღწერს იმ სხვადასახვა ასპექტს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა თუ მოვლენებს ეხება.
სტუმარი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება პოლონეთის კინოინდუსტრია, სადაც მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს პოლონეთის კინოკულტურას. სექცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პოლონეთისა და საქართველოში მოღვაწე დოკუმენტური კინოპროფესიონალების თანამშრომლობას.
23 ოქტომბერს, Club Backstage 76-ში გაიმართება ფესტივალის თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტური ფილმის მუსიკოსი გმირები.
პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს Civil Pitch, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კონოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch-ის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივასა და საჭირო მხარდაჭერაზე.
ფესტივალის პარტნიორები არიან: Creative Europe, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, CTC, კავკასიური სახლი, გოეთეს ინსტიტუტში და ფრანგული ინსტიტური, Frontline Club, Sakdoc და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები