დიმიტრი ხუნდაძე: მეორე ტური მცხეთაში არ არის არჩევნები, ეს არის ღირსების ტესტი
„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნებს „ღირსების ტესტს“ უწოდებს. ხუნდაძე თვლის, რომ მეორე ტურის არჩევნები მცხეთაში არის არჩევანი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის.
ხუნდაძე ჩოჩელს „წარსულს“ უწოდებს და მცხეთელებს გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“ჩოჩელი არის წარსული, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, მან არჩევნების შემდეგ შტაბის წევრებთან საუბრის დროს მოითხოვა იმ თანხის დაბრუნება, რაც დახარჯა, რადგან ვერ მიიღო სასურველი შედეგი. მცხეთის მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შორის. დღეს, მეორე ტური მცხეთაში, არ არის არჩევნები ეს არის ღირსების ტესტი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხუნდაძეს მიაჩნია, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
“მე მჯერა, რომ არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება არის ძალა, რომელსაც აქვს უნარი ქვეყანაში გააგრძელოს ის სასიკეთო ძვრები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა“, – განაცხადა ხუნდაძემ.