დიმიტრი ხუნდაძე: ცეზარ ჩოჩელი არის ვანო მერაბიშვილის მეგობარი, რომელიც დამატებით ორ გვამს ითხოვდა

„მოწინააღმდეგის მხრიდან გამოიკვეთა იძულების ენა, არის რაღაც საკითხები, რაზეც ცეზარ ჩოჩელს არჩევნების შემდეგ მოუწევს პასუხის გაცემა“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მეორე ტურში გასულმა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხუნდაძემ კონკურენტი ჩოჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად მოიხსენია და ყურადღება მის საარჩევნო კამპანიაზე გაამახვილა.ხუნდაძე აცხადებს, რომ ჩოჩელმა მასობრივად სცადა ამომრჩევლის მოსყიდვა.
“ის, რომ ჩოჩელი არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, ეს ცხადყო ამ არჩევნებმა. ცეზარ ჩოჩელი ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოველთვის იქნება. ის არის ვანო მერაბიშვილის მეგობარი, იმ მერაბიშვილის, რომელიც დამატებით ორ გვამს ითხოვდა. მისი საარჩევნო შტაბი დაკომპლექტებული არის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით. სამწუხაროდ, ჩემმა მოწინააღმდეგემ სიძულვილის ენით დაიწყო ლაპარაკი, არის რაღაც საკითხები, რაზეც არჩევნების შემდეგ ჩოჩელს მოუწევს პასუხის გაცემა“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ჩოჩელი ქრთამის სანაცვლოდ იღებდა ხმებს. მისივე ინფორმაციით, ადამიანებს დავალებული ჰქონდათ საკუთარი შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტო გადაეღოთ.
“უამრავი იყო ისეთი ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო 42, შემდეგ გადახაზული და თავიდან უკვე „ქართული ოცნების“ ნომერი 41 იყო შემოხაზული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს აიძულებდნენ ფოტო გადაეღოთ ბიულეტენებისთვის. ეს ამომრჩევლები, ფოტოს გადაღების შემდეგ, უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხაზავდნენ, აი, ასე მიიღო ჩოჩელმა ის ხმები, რითაც მეორე ტურში გავიდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები