ხვალ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნება, ოპერის თეატრში კი ევა იერბაბუენას წარმოდგენა გაიმართება

ხვალ, 15 ოქტომბერს, 17 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ოფიციალურად გაიხსნება. გახსნას, ფოიეში, თემო გოცაძის გამოფენა უმასპინძლებს.14670911_732987220166312_630995938887586533_n
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ამავე დღეს, 20 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბალეტ ფლამენკოს წარმოდგენას „წვიმა“ უმასპინძლებს. რეჟისორი: ევა იერბაბუენა (სევილია, ესპანეთი). სპექტაკლის დასასრულს კი, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის”.

„ეს ის სამყაროა, სადაც ადამიანი, როგორც ასეთი, არ არსებობს, სადაც მხოლოდ პერსონაჟებია, სახეები და ნიღბები. სადაც არ არსებობს მუსიკა, არამედ ბგერათა და რითმის ჰარმონიული კასკადი, სადაც არ არის თეატრალური ატმოსფერო ამ ცნების კლასიკური გაგებით, არამედ კრისტალიზებული ემოცია და განწყობა სუფევს – ეს ევა იერბაბუენას უჩვეულო მისტიფიკაციაა, სადაც ემოცია ბადებს ბგერას და ეს ბგერა მოძრაობას ბადებს.
ეს სულ სხვა სამყაროა, რადიკალურად განსხვავებული იმ მითიური, ზეამაღლებული და ვნებით აღსავსე ყოფიერებისგან, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია ყოველთვის, როდესაც საუბარია ფლამენკოზე. აქ თქვენ ვერ იხილავთ იმ ლათინოამერიკულ სილაღეს და აღმაფრენას – ეს სამყარო სავსეა ტკივილით, იმედგაცრუებებით, განადგურებული ადამიანების ისტორიებით… აქ ტრაგიზმია, ტრაგიზმი, რომლის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. ცეკვა – როკვაა, ხოლო სიმღერა და ბგერა – გოდება… კონტრაჟურში მოძრავი ფიგურები, შორიდან წამოსული ხმა, მუსიკა – ყოველივე ეს ევა იერბაბუენას წარმოდგენაა.
დიდი მსხვერპლშეწირვა – ასე შეიძლება ეწოდოს ყოველივე იმას, რასაც წარმოგვიდგენს ევა იერბაბუენა. საკუთარი ისტორიის მოყოლა ჩვენთვის, მაყურებლისათვის – ეს აღსარებაა, ეს თხრობაა მთელი თავისი ცხოვრებისა, იმ ცხოვრებისა, სადაც ტკივილი და ტრაგიზმი მეფობს და იპყრობს ადამიანის არსებას.
სხეულით დამძიმებული სული თითქოს, ცდილობს, გააღწიოს ამ მორევიდან, გაექცეს ამ რეალობას. რითმი მატულობს, მატულობს ემოცია, ექსპრესია, და ჩვენ სასწაულის მომსწრენი ვხდებით. ყველაფერი გაქრა – გაქრა ადამიანი, ჩვენთვის ამ სიტყვის სრული გაგებით, გაქრა პერსონაჟი, გაქრა ხმა! ჩვენთვის წაშლილია ყოველგვარი ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის, როკვა და ყივილი – ყოველივე ეს გვიპყრობს და მიგვაქანებს უფსკრულისაკენ, სადაც ჩვენ – ჩვენ აღარ ვართ, ჩვენ ვართ მონაწილეები, პერსონაჟები, თანაზიარნი კათარზისისა და როდესაც ევა იერბაბუენას უცნაურ გმირებთან ერთად გავივლით ამ „განწმენდის რიტუალს“ ამ კათარზისის, სადაც ტრაგიზმი და ტკივილი გაქრება, განვიცდით ჩვენც“… – გვამცნობს სპექტაკლის ანოტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები