ექსკლუზივი: ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ს ვიზებთან დაკავშირებით დე ფაქტო აფხაზეთის ინფორმაციას პასუხობს

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ აშშ -ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ არაფერი შეცვლილა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „კვირასთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას განცხადებას.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, შესაბამისად, მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება უსაფუძვლოა.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა „კვირასთან“ ინტერვიუს დროს გაიხსენა, რომ მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ადრეც ყოფილა გაჟღერებული.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები, შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ აშშ პოლიტიკაში საქართველოს მიმართ არაფერი შეცვლილა. პირიქით, აშშ საქართველოს აქტიური თანაპარტნიორია, ყველაზე აქტიური და მყარი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, შესაბამისად, არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საუბარი რაიმე სტატუსის შესახებ ე.წ. პასპორტების ცნობაზე ან ვიზების ჩარტყმაზე. თუმცა, სხვათა შორის, მსგავსი ხასიათის განცხადებები ადრეც იყო აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებული, მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ეს განცხადებები. დანამდვილებით რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ აშშ პოზიცია არის ურყევი. არ და ვერ იქნებოდა საუბარი ვერანაირად ე.წ. აფხაზური მხარის მიერ ვიზების შესახებ, ფაქტია ის, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ჩვენი შერიგების პოლიტიკას უჭერს მხარს. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხია, რომ მხარი დაუჭიროს ნდობის მშენებლობის პროექტებს, კონტაქტებს, ალბათ ისიც, რომ ეთნიკურად აფხაზის პრობლემა არ არის კანონით და სამართლებრივი წესით დადგენილი, იმოგზაუროს ტურისტად ამერიკის შეეერთებულ შტატებში. მოსახლეობა კი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, სხვა ამბავია, სტატუსზე, რეგალიებზე, პასპორტებზე და სხვა მსგავს ელემენტებზე საუბარი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა და არ იქნება,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, იგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების შემდეგ საქართველოში აშშ-ს საელჩოსაც დაუკავშირდა.

„დიახ, ვადასტურებ, შევატყობინე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია. მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევაში ამ დისკუსიაზე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელიც არის, ასევე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც. ვიცით, რომ ასეთი რამ ვერ და არ იქნებოდა, მეტსაც გეტყვით, ადრეც იყო ასეთი განცხადებები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი ტიპის განცხადებები,“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ცნობით:
ჟენევის დისკუსიების 37-ე რაუნდზე შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს არ შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ განაცხადა. ამასთანავე ტანიამ ამ განცხადებას ჟენევის შეხვედრაზე „პრაქტიკულად ერთადერთი დადებითი ფაქტი“ უწოდა.
ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს, თუმცა, საქართველოს დელეგაციის წევრების თქმით, თბილისი დოკუმენტებს მხოლოდ მოსკოვთან გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები