დანიაში შემთხვევით 80 ათასი კალმახი გაუშვეს
დანიის ხელისუფლებამ მეთევზეებს 80 ათასი კალმახის დაჭერაში დახმარება სთხოვა. თევზი შემთხვევით მას შემდეგ გაუშვეს, რაც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე საკალმახე მეურნეობას სატვირთო გემი შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სპეციალისტები შიშობენ, რომ გაქცეული კალმახი ეკოლოგიურ ბალანსს დაარღვევს, ვინაიდან სხვა სახეობის კალმახის ქვირითს შეჭამს.
„ზღვის კალმახი ამჟამად სწორედ იმ ადგილებში ყრის ქვირითს. ეს ქვირითი ფერადი კალმახის საყვარელი საკვებია. გაქცეულ თევზს 3-4 დღე დასჭირდება, რომ ახალ პირობებს შეეგუოს და შემდეგ ის ქვირითის შეჭმას დაიწყებს“, – განაცხადა დანიის მებადურეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სორენ კნაბემ.
გემი, რომელიც საკალმახე მეურნეობას შეეჯახა, კალინინგრადიდან კოლინგში მიდიოდა.