21 ივლისი გურამ გეგეშიძის დაბადების დღეა
21 ივლისს დაიბადა მწერალი გურამ გეგეშიძე. მას დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის უმაღლესი სასცენარო კურსები. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა.
პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა.
მის კალამს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: „სიშორე’’ (1967წ.), „მოთხრობები“’ (1971წ.), რომანები: „ცოდვილი“ (1968წ.), „სტუმარი“ (1976წ.). არის ფილმის „კაშხალი მთაში” სცენარის ავტორი.
* * *
„როგორი წინააღმდეგობებით არის აღსავსე ცხოვრება, რა რთული, ძნელი, ამოუხსნელი, უთანმიმდევრო და გაუგებარია ადამიანის ბუნება, ავისაგან კეთილს რომ გამოელის და სიკეთის დასამკვიდრებლად ბოროტებას რომ თესავს ხშირად“.
* * *
„მშობელს შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილზე, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანზე მოქმედებს დროის სული, და არავის ძალუძს საკუთარი ნება-სურვილით წარმართოს ვისიმე ბედ-იღბალი, რადგან ყველას თავისი ვარსკვლავი აქვს და მისდევს იმ ვარსკვლავს, და რაც კაცს უწერია, იმას წინ ვერ აღუდგები“.
* * *
„…ძალიან ბევრ რამეს ვნანობ – ურთიერთობებისას მომივიდა შეცდომები, ალბათ, რაღაც დონეზე პასიურიც ვიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და ოჯახშიც, არადა, თითქოს აქტიური კაცი ვჩანვარ. ზოგიერთს ძალიან ძლიერი პიროვნება ვგონივარ, მაგრამ არ არის ეგრე.
ახლა, ასაკში რომ ვარ, ვგრძნობ, რომ დავბრძენდი, არადა, 60 წლის ასაკშიც ახალგაზრდა მეგონა თავი. 68 წლისამ მთაც კი დავლაშქრე…
ხშირად ვიგონებ წარსულს, ადამიანებს და ვხვდები, რამდენი რამ გამიკეთებია არასწორად, რამდენი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში. ამას ვერ მოვყვები. რა თქმა უნდა, ჯობდა, არ გამეკეთებინა, მაგრამ… ერთი რამით კი დამაჯილდოვა განგებამ – წერის ნიჭი მომცა. თავს ნამდვილად მივიჩნევ ძალიან ნიჭიერ და ძლიერ მწერლად. მიმაჩნია, რომ რაც დავწერე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სხვაგვარად არაფერს დავწერდი. ძალიან მესიამოვნება, თუკი ამას ბევრი დაინახავს“.
გურამ გეგეშიძე
ფოტო: მწერალთა სახლი