ირაკლი კობახიძე: მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან რთული დილემის წინაშე დადგა, რადგან ეს პარტია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების”  აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ თამასა ძალიან მაღლა ასწიეს, როცა მოგებაზე და არარეალურ ციფრებზე საუბრობდნენ. შესაბამისად, შექმნეს არარეალური მოლოდინი და ის დღევანდელი პროცესები, რაც ამ პარტიაში წარიმართა, სწორედ ამ იმედგაცრუების შედეგია. კონკრეტულ ლიდერებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები მაგიდაზე ედოთ, რაც იმ შედეგებს აჩვენებდა, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიდო.  მათ ზუსტად იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ; იცოდნენ, რომ გამარჯვება გამორიცხული იყო და ისინი დამარცხებისთვის განწირული იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
„თითქოს, საუბარია მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობაზე და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობაზე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამ პარტიამ როგორი მოდიფიკაციაც არ უნდა განიცადოს, მათი გუნდი მაინც ისეთად დარჩება, როგორიც ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს“, – განაცხადა “ქართული ოცნების”  აღმასრულებელმა მდივანმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამოცანა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება იყო და პარტიას გათვლა სწორედ 50%-ზე ჰქონდა.
„ასეთ შემთხვევაში, მათემატიკური გათვლით, მინიმუმ, ოლქების ნახევარში მეორე ტური გვიწევდა. ეს ასეც მოხდა და არჩევნებმა სწორედ ეს შედეგი მოიტანა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და მართალია, მეორე ტურის ჩატარება გაცილებით მეტ ოლქში გვიწევს, ვიდრე ნახევარია, მაგრამ ეს დემოკრატიის ხარისხის ზრდის მაჩვენებელია.  მეორე ტურში ცუდი არაფერია. მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ჩვენმა გუნდმა შემოიღო, რაც ჩვენი დეპუტატების ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებასთან და კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ. თუ საკითხს ზოგად თეორიულ პრიზმაში განვიხილავთ, ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაისინჯება. ფართო საზოგადოებასთან ერთად, ამ პროცესში პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებიც უნდა ჩაერთონ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არასაპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობა აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები