იარაღის ლეგენდარულმა მწარმოებელმა ახალი რევოლვერი გამოუშვა
იარაღის ლეგენდარულმა მწარმოებელმა „სმით ენდ ვესონმა“ ახალი რევოლვერი გამოუშვა. 460 – კალიბრიანი „მონსტრი“ სამიზნეში სროლისთვის, ან სანადიროდ არის განკუთვნილი. რევოლვერის პრეზენტაცია ლას – ვეგასში, იარაღის მწარმოებელთა შოურუმზე, გაიმართა. ეს ღონისძიება ამერიკის იარაღის მწარმოებელთა ყველაზე მსხვილი და სახელგანთქმული შეკრებაა და მას ყოველწლიურად 60 ათასამდე იარაღის მოყვარული ესწრება. რაც შეეხება ახალ რევოლვერს, მას განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტყვიებით არის აღჭურვილი.
კომპანიის წარმომადგენლის პოლ პლაფის განცხადებით, ის სასროლად ძალიან კომფორტული იარაღია და მსხვილფეხა გარეულ ნადირზე სანადიროდაც გამოდგება. „სმიტ ენდ ვესონში“ ასევე აზუსტებენ, რომ როდესაც საუბარი თავდაცვას ეხება, ამ რევოლვერების ჩანაცვლება უფრო მაღალი შესაძლებლობების მქონე ნახევრად ავტომატური თოფით ჯობია. თუმცა, ბუნებაში და ქუჩაში მიმდინარე აქტივობების დროს, ეს რევოლვერი შეუცვლელია. ახალი იარაღი ასევე სხვადასხვა სახის ამუნიციასთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ. როგორც კომპანიაში ხუმრობით ამბობენ, ახალი იარაღი თავისუფლად გაუმკლავდება ნებისმიერ არაამქვეყნიურ და საშიშ არსებასაც კი.
მეტალის მონსტრის ფასი 1200 დოლარს შეადგენს. „სმიტ ენდ ვესონი“ მას როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამართალდამცველებსაც სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ 1852 წელს დაფუძნებული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მსოფლიოში და დასავლეთის სამართალდამცველების სტანდარტს წარმოადგენს; პოლიციელები და სამხედროები დღემდე, ძირითადად, ამ მარკის მიერ წარმოებულ იარაღებს იყენებენ. განსაკუთრებით პოპულარული კი – „სმიტ ენდ ვესონი“ კლინტ ისტვუდის მონაწილეობით გადაღებული ვესტერნების კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გახდა.