ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უსუსური მცდელობა, განახორციელოს თავისი გეგმა

“არჩევნები 3600-ზე მეტ უბანზე წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ინციდენტები დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
„არჩევნები 3600-ზე მეტ უბანზე წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. მნიშვნელოვანი ინციდენტები დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე. შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სცადეს საარჩევნო პროცესის ჩაშლა,  ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენს აქტივისტებს და პოლიციის თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ ინციდენტის დროს დაშავდა მარნეულის პოლიციის უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისვე თქმით, “ ქართული ოცნება“ აფრთხილებდა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას.
მისივე თქმით, არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, გუშინ საეთერო დროის დიდი ნაწილი მარნეულის ინციდენტის გაშუქებას დაეთმო, რაც იყო კიდეც „ნაცმოძრაობის“ მიზანი.
„ჩვენ ვაფრთხილებდით საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიის საშუალებით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, გუშინ საეთერო დროის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაეთმო მარნეულის ინციდენტის გაშუქებას, რაც იყო კიდეც „ნაცმოძრაობის“ მიზანი.
ამ მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. გარდა მარნეულისა, დაფიქსირდა ინციდენტები ჯიხაშკარსა და ქუთაისში, რაზეც სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უსუსური მცდელობა, განახორციელოს თავისი გეგმა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და სურს, ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები