ირაკლი ოქრუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება
ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ირაკლი ოქრუაშვილს კოალიციის შექმნის სურვილიც აქვს და თვითმმართველობის არჩევნებში შიდა ქართლში პირადად აპირებს კენჭისყრას. სტატიის ავტორი წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში სამომავლო ტრამპლინისთვის ემზადება და გუბერნატორის პოსტის დაკავებას გეგმავს. მისივე თქმით, თოქრუაშვილი თვითმმართველობის არჩევნების დროს კენჭს გორის რაიონში იყრის. „პარტია, რომელიც თეო ტლაშაძის ქოლგის იმედადღაა, სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს. დიდი პოლიტიკა დიდი ავიაცია არაა, რომ ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებდეს, მაგრამ ოქრუაშვილს დიდ პოლიტიკაში მოსაბრუნებლად ესოდენ შელახული იმიჯი შეუშლის ხელს. არადა, ,,ოქროს“ არც ფული უჭირს და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ნაშოვნიც ბევრი შეირგო დედის რძესავით, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი არ ასვენებს“, – წერს სტატიის ავტორი. ჟურნალისტი საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის ჩადენილ შეცდომებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „კარგად გვახსოვს ზარი ბაჩო ახალაიასთან, სააკაშვილის მმართველობის დროს, აქციებისას, მიტინგს დაგიშლით და მიშას უთხარი, პრემიერად დამნიშნოსო. ოქრუაშვილის სააკაშვილისგან გამიჯვნის რეალური მიზეზიც ხომ სწორედ ეს იყო. ოქრო ძალაუფლებას ეკონომიკის მინისტრის რანგში ვერ გრძნობდა. მართალია, საქართველოში პოლიტიკოსებს მალე ჩამოაწერენ ხოლმე ცოდვებს, მაგრამ ხალხს არც ისეთი ამნეზია სჭირს, ოქრუაშვილის ნაკეთები საქმეები დავიწყებოდეს. პოლიტიკური ექსპერტებისა თუ უბრალო მოხელეთა აზრით, მისი სახელი შემდეგი უბედურების დამკვიდრებასთან ასოცირდება: ბიზნესში – დაჭერასთან, ღამღამობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბიზნესში „ჩაჯდომასა“ და წილების გადაფორმების დამკვიდრებასთან ან უფრო ჟარგონულად „ახევასთან“, ტელეკომპანია „იბერიაში“ ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების შევარდნასთან, ბორდელების ტელეკამერებით ჩამოვლასთან, კამერების წინ დასაჭერ-დაჭერილების საწოლ ოთახში შევარდნასთან, ბუტა რობაქიძეს საქმესთან, ჯარში სტრატეგიული დეპარტამენტების გაუქმებასა და გაუმჭვირვალე ტენდერებთან, უხარისხო ტექნიკის შეძენასთან, ჟანგიან ტანკებსა და ნეპოტიზმის აყვავებასთან, პროკურატურაში დასაკითხად მისული მოწმეების კაბინეტის აივნიდან გადახტომის მცდელობასთან (ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში, პროკურატურის შენობიდან ზოოპარკის ყოფილი დირექტორი დავით ნარსია ხტებოდა). პარტიულ პოლიტიკაში: ავანტიურიზმთან, თანაპარტიელების მიერ გაფარჩაკებასა და ტყუილებში მხილებასთან, ერთმანეთის დასმენასა და ფულის მოტეხვასთან, უფრო დიდ პოლიტიკაში ტყუილ დაპირებებთან, პოპულისტობასა (ხან გმირად თავის წარმოჩინება, ხანაც ცრემლმორეული სიტყვების უკან წაღება, ხან ჟვანიას, ხანაც პატარკაციშვილის საქმეებით მანიპულირება და კვამლის გამოშვება) და წითელ ხიდზე ჩამოსვლის ფუჭ იმედებთან. მოკლედ, ,,ოქროს“ ბაქიბუქს ფასი პოლიტიკაში დიდი ხანია ლარის კურსივით დაუვარდა“, – აღნიშნულია გაზეთ „ვერსიაში“. სტატიის დასასრულს ჟურნალისტი პარლამენტარ თინა ხიდაშელის ცნობილ ფრაზას – „მკვდრები არ ცოცხლდებიან“ , იხსენებს და დასძენს: „მოკლედ, „ქორი“ და ,,ქორის პარტია“ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებენ. თინა ხიდაშელის არ იყო
ს, მკვდრები არ ცოცხლდებიან, მაგრამ ოქრუაშვილი აპირებსო და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“,- წერს სტატიის ავტორი.