ზარი აფეთქების შესახებ 112-ში “კურიერის” დაწყებიდან 10 წუთში შევიდა – დაშავებულის ფოტო კი სასწრაფოს მისვლამდე ფეისბუქზე გავრცელდა

„კურიერის“ დაწყებიდან ზუსტად 10 წუთში 112-ში ავტომანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ზარი 21:10 წუთზე დაფიქსირდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ მანქანა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატს გივი თარგამაძეს ეკუთვნოდა.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ კოლმეურნეობის მოედანზე მანქანა აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა გავიდა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულ თანამშრომლებს ცეცხლი არ დახვდათ“, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.
შემთხვევის ადგილზე თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებიც მივიდნენ. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, თავდაპირველად, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში 2 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილიდან კიდევ 2 დაშავებული თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
„კურიერის“ წამყვანმა მაყურებელს აფეთქების შესახებ ინფორმაცია 21:30 წუთზე მიაწოდა. ზუსტად ამ დროს, „კურიერმა“ მაყურებელს გივი თარგამაძესთან ინტერვიუ შესთავაზა, სადაც დეპუტატმა მომხდარის შესახებ ისაუბრა. როგორც დეპუტატმა სატელევიზიო ჩართვისას განაცხადა, იგი გადარჩა.
აფეთქების შედეგად არ დაშავებულა არც დეპუტატის მძღოლი. თუმცა, დაზარალდნენ მოქალაქეები, რომლებიც კოლმეურნეობის მოედანზე ან მუშაობდნენ, ან შემთხვევით გადაადგილდებოდნენ.
„კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, მანქანის აფეთქებამდე ემუქრებოდნენ თუ არა მას, გივი თარგამაძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებდა.
აღსანიშნავია, ერთი გარემოება, სოციალურ ქსელში აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ფოტო და ვიდეო-მასალები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა უმალვე გაავრცელეს.
ფაქტია, თავის არეში დაჭრილი მამაკაცის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტოზე კადრი მანამდეა აღბეჭდილი, სანამ სასწრაფოს ბრიგადა კოლმეურნეობის მოედანზე მივიდა.
dashavebuli
დაშავებული მამაკაცი ექიმთა ბრიგადამ გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
სწორედ, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოში, რის შემდეგაც მედიასთან მომხდარი ფაქტი შეაფასა.
„ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და მითუმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ. გამიჭირდება და თავს შევიკავებ ამ ფაქტის პოლიტიკურად შეფასებისგან. ალბათ სამართალდამცავების დასკვნის მერე უფრო სწორი იქნება შევაფასო. მჯერა, რომ საქმე უმოკლეს ხანებში გაიხსნება. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.
გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები