მაკა ბოჭორიშვილი: ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით, გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის მკაფიო იყო.

„საქართველო ყოველთვის ხმამაღლა უჭერდა მხარს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არასდროს გვქონია რაიმე დაბრკოლება ამ მიმართულებით ჩვენი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. რამდენად ესმოდათ ეს ხმა, ეს უკვე მეორე საკითხია. საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეულ წარმომადგენლებს რამდენად სჭირდებოდათ, გაეგოთ და დაენახათ, რას აკეთებდა საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის მეორე საკითხი“, – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა, არსებობენ აქტორები, რომლებიც ქვეყნის პოზიციის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობენ.

„ერთი მხრივ, საქართველო მუდმივად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ, არიან გარკვეული აქტორები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საქართველოს სხვაგვარად წარმოჩენას, საქართველოს ინტერესების დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნები, რა ინტერესები არსებობს მაშინ, როდესაც საქართველოს უსაფრთხოებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები