40-დღიანი წვიმა – საფრანგეთში იანვარ-თებერვალში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალი საფრანგეთისთვის „უპრეცედენტო“ ნალექებით აღინიშნა და ზედიზედ 40 დღის განმავლობაში წვიმდა.
როგორც BFMTV-ი იტყობინება, ამის შესახებ მეტეოროლოგიურმა სააგენტო Météo France-მა განაცხადა.
დაკვირვებების თანახმად, ყოველდღიური წვიმების პერიოდი 14 იანვრიდან 22 თებერვლამდე გაგრძელდა, რაც 1959 წელს დაკვირვებების დაწყებიდან ყველაზე ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდი გახდა.
მანამდე უწყვეტი ნალექების რეკორდი 2023 წელს დამყარდა, როდესაც ზედიზედ 32 დღე წვიმდა.
ქვეყნის საშუალო მონაცემების მიხედვით, 2026 წლის თებერვალი 1959 წლის შემდეგ ყველაზე წვიმიანი თვე იყო.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ხანგრძლივი წვიმების პერიოდების გაჩენას.
ძლიერმა წვიმებმა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის მრავალ რაიონში მნიშვნელოვანი წყალდიდობა გამოიწვია.
ზამთრის შტორმების სერიამ ასევე დიდი ზიანი მიაყენა ესპანეთსა და პორტუგალიას. ზარალი, სავარაუდოდ, მილიარდობით ევროს შეადგენს.