მაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების საკითხებზე. ჩვენთვის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და იქ ადამიანების უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ის საკითხია, რომელიც სწორედ ამ ფორმატებში განიხილება“, – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო ჩართულობის აუცილებლობაზე.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, რომელიც საქართველოს აქვს და სადაც განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა, სწორედ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვით, საქართველოს საკითხებთან მიმართებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, ჟენევაში გამართული ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში.
„მნიშვნელოვანი იყო ყველა შეხვედრა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როდესაც საქმე ეხება ოკუპაციას, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრაც, სადაც ასევე გაჟღერდა ქართული მხარის პოზიციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.