„ეკონომიკის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მეტი ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში. საქმე ისაა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და მათი პროცენტული წილი ჰიდროსადგურებისაზე ბევრად მეტია, არადა ჰესი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ორჯერ-სამჯერ მეტი დრო სჭირდება და ამდენჯერვე ძვირია, თუმცა მათ გაცილებით მაღალი დატვირთვის ფაქტორი აქვთ და ამის გათვალისწინებით უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ჯამში ელექტრო სისტემისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობამ შემოგვთავაზა კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც შეგვეძლება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გავაცნოთ ჩვენი პოზიცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც დარგის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც დადებითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე,“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.