პრემიერი: ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია

“ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, უახლოეს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, აღნიშნული ფაქტი საქართველოს ცნობადობისა და ინტერესის გაზრდაზე მიანიშნებს.
პრემიერმა ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება დროულ ნაბიჯად შეაფასა.
„ალბათ ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაზეც უახლესი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.
ეს იმას ნიშნავს, რომ დღითიდღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია.
ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ისაა, რაც სჭირდება ქვეყანას დღეს და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალაურ, მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი.
აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი. ფონდის მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა “მერიოტის” საერთაშორისო ქსელის მხრიდან-
სასტუმროები თავისუფლების მოედანზე და  სოლოლაკში, ასევე  სასტუმრო შეკვეთილში.
თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის არქიტექტურულად უპრეცედენტო, სამსაფეხურიანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს  კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარებისა და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები