„ჩვენს ოჯახში მუდამ ისმოდა სიმღერის ხმა“ – მარინა ურდულაშვილის ანსამბლი „მი რე ლა“ და საყვარელი საქმე მშობლიურ ქალაქში

ცხოვრობს საგარეჯოში. პროფესიით მუსიკოსი და პედაგოგია. დაამთავრა თბილისის სამუსიკო ხელოვნების პედაგოგიური ინსტიტუტისაფორტეპიანო განყოფილება.
30 წელია საგარეჯოს სამუსიკო სკოლაში  მუშაობ ფორტეპიანოს პედაგოგად. ასევე საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანებაში  ხელმძღვანელობ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლს – „მი რე ლა“.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაბრუნდ მშობლიურ ქალაქში.
ბავშვობიდან აქტიური ცხოვრებ მიყვარდა, შემდეგ ჩემი ქალაქის შემოქმედებით საქმიანობაშიც აქტიურად ჩავერთე. გადავწყვიტე ჩემი ცოდნის და გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარება. თავდაპირველად იყო რამდენიმე მოსწავლე, მათი რიცხვი ნელ–ნელა იზრდებოდა... შემდეგ იყო უამრავი პროექტი, საერთაშორისო კონკურსი, სატელევიზიო გადაცემები და წარმატებები. – ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ „მი რე ლას“ ხელმძღვანელის, პედაგოგ მარინა ურდულაშვილის პერსონა.

–    როგორ დაიწყო მუსიკის სიყვარული?
– დავიბადე ქართულ ტრადიციულ ოჯახში… ბავშვობიდან ვხედავდი და ვსწავლობდი, როგორ უნდა გეშრომა მიზნის მისაღწევად… ჩემი მშობლები საოცრად შრომისმოყვარე ადამიანები იყვნენ… ისინი თავდაუზოგავად შრომობდნენ ჩვენი კეთილდღეობისთვის და მათ ეს, ვფიქრობ, გამოუვიდათ… მამა საკუთარი ხელით ქმნიდა და აშენებდა   სახლს, სადაც ახლა მე ვცხოვრობ…. დაგვიტოვეს საოცარი კარ-მიდამო… ასევე ყვავილების ბაღი, რომლის გაშენებაც დედამ დაიწყო… მამამ დაგვიტოვა  საფერავის და რქაწითელის ჯიშის ვენახები… და საქმე, რომელიც მას ასე უყვარდა. ჩემმა შვილმა გიორგიმ არაჩვეულებრივად გააგრძელა, პაპის დანატოვარი მარანი განვაახლეთ და სტუმრებსაც ხშირად ვმასპინძლობთ და  ვაგემოვნებინებთ ჩვენს საოჯახო ღვინოს „შატო ურდული“…
მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე… მღეროდა ყველა.. ბებია  და მამა უკრავდნენ   ხალხურ ინსტრუმენტებზე და მღეროდნენ… დედა მღეროდა არაჩვეულებრივად… ის მღეროდა ვანო მჭედლიშვილის გუნდში საგარეჯოში…  მყავს ორი და, რომლებიც ასევე მღერიან.  ჩვენს ოჯახში მუდამ ისმოდა სიმღერის ხმა …
6 წლის ასაკში უკვე შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, სადაც საოცარი მუსიკოსის და პედაგოგის ხელში აღმოვჩნდი. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო მთვარისა ქარუმიძე. მან დიდი როლი შეასრულა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდ დროს ატარებდა ჩემ გვერდით… ასევე მინდა აღინიშნოს ბატონი რეზო ასტახიშვილი, რომელთანაც რამდენიმე წელი ვემზადებოდი…
ბავშვობის საოცარი წლები მქონდა… იყო კონცერტები, კონკურსები, წარმატებები. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონოდა…
– ბევრს აკეთებთ რეგიონში ახალგაზრდობის სულიერი და შემოქმედებითი განვითარებისთვის.  გვიამბეთ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ „მი რე ლა“ – ზე, მის წევრებზე, გამარჯვებებზე…
– რეგიონის ყველა კულტურულ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ვცდილობ მოზარდებში ხელოვნების სიყვარული გავაღვივო, რაც მათი უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება. მინდა უამრავი მოზარდი ვაზიარო  ხელოვნების გასაოცარ სამყაროს.
წარმატება, ეს არის დაუღალავი შრომა, რეჟიმი და უდიდესი პასუხისმგებლობა  საყვარელი საქმისადმი. ბავშვები?  ბავშვები ჩემი მაცოცხლებლები არიან… მუდმივი წყარო სიცოცხლის…
განსაკუთრებით მიხარია, როდესაც ამ ძალისხმევის შედეგებს ვხედავ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არაერთი რეგიონალური, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალების, კონკურსებისა და პროექტების გამარჯვებულები გახდნენ.
–   ვინ არიან ცნობილი „მი რე ლას“ ანსამბლის წევრებიდან?
–   ყველასთვის ცნობილია 2019 წლის „რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით წარდგა. ასევეა გასული წლების „რანინას“ მონაწილე მარიამ საგინაშვილი, მუსიკალური პროექტის „ახალი თაობა“ გამარჯვებული ნანუკი სამბელაშვილი და „X ფაქტორის“ მონაწილე გიორგი ლაფაჩიშვილი.
აქვე „პატარების დიდი შოუს” მონაწილეებს დავასახელებდი:  ბარბარე კუპრაძეს, ანასტასია და მარიამ მასურაშვილებს, ანაროზა გაფრინდაშვილს, ნანკა მღებრიშვილს, ქეთა ტიგინაშვილს, ნინი ესაიაშვილს.
პროექტ „რანინას“ წარმატებული მონაწილეები არიან:  ანაროზა გაფრინდაშვილი, ანასტასია მადურაშვილი, მარიამ მასურაშვილი.
–  დასამახსოვრებელი დღე…
– ყველა პროექტი დასამახსოვრებელია, თუმცა არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც 2019 წლის „რანინას“ ფინალზე განვიცადე. ეს იყო ჩვენი უდიდესი შრომის შედეგად მიღებული წარმატების  სიხარული, მთელი საქართველო რომ არის ამავდროულად შენი სიხარულის მოზიარე… გიორგი როსტიაშვილის გამარჯვება. მან საქართველო „ევროვიზიაზე“ წარადგინა.

– ოჯახი…
– მყავს მეუღლე როინ ქოქიაური და ორი შვილი – გიორგი და სალომე ქოქიაურები, გიორგიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა მენეჯმენტის განხრით,   სალომემ კი – ტექნიკური უნივერსიტეტის პიარის ფაკულტეტი. სალომე 3 წლიდან მღერის, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო-მუსიკალურ პროექტებში: „იმედის მტრედები“ (ტვ „იმედი“).  „წარმატების ფორმულა“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), მუსიკალური პროექტი (ტელეკომპანია „მზე“), „ახალი ხმა 2013 (ტვ იმედი).
მყავს ორი შვილიშვილი: 4 წლის ნენე ქოქიაური და 4 წლის ნიცა ქურდოვანიძე. ორივე მღერიან.
– ჰობი…
– ჰობი ნებისმიერი ადამიანის არჩევანია. თუ სად, როდის და როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო. ჩემი არჩევანი ყვავილებს უკავშირდება. ეს ჩემი გატაცებაა. დიდი სიყვარულით ვუვლიდი დედის დატოვებულ ბაღს, თუმცა ახლა უკვე ძალიან ბევრი მცენარე შევმატე ჩემი ოჯახის  გარდენიას – ნაძვები, აგავები, ემონიუსები, ბზები. ვარდის უამრავი ჯიშიც არის ჩემს ბაღში.
– ლექსებს წერთ. ერთი ლექსი ჩვენი მკითხველისთვის…

მამაჩემის ალუჩები გამხმარა,
ნუშის ხესაც დასცვენია რტო,
იასამნის ყვავილებიც  გამქრალა,
სურნელება წაუღია დროს…

მამაჩემის ალუჩები გამხმარა,
ერთ დროს თეთრად  უფეთქავდა რტო,
გაზაფხულის ქარიშხალი ჩამდგარა,
შემოდგომა ახლა სევდას ქსოვს…

მამაჩემის ალუჩები გამხმარა,
ნუშის ხესაც დასცვენია რტო…

                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები