როლანდ მესხმა და ალექსანდრე დარახველიძემ ანდორას იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ანდორას იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯოან ანტონი ლეონ პესოსთან და ანდორას პოლიციის დირექტორთან, ბრუნო ლაზნესთან შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ანდორას სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პოლიციის ატაშეების როლი სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და ანდორას იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჯოან ანტონი ლეონ პესომ, ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ანდორას შორის ურთიერთობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.

დელეგაციის წევრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. ასევე, მიიღეს ინფორმაცია მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო პროცედურებისა და იმ ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.

სტუმრებმა სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და საგამოცდო ავტოპარკიც დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს, ანდორას სამთავროს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და ქართულ მხარესთან ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები