მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა განიხილეს.

,,ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები