გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფებოდა
„ვაგრძელებთ ვიზიტს რეგიონებში, სადაც ვხვდებით ჩვენი სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს; ვნახულობთ აგროსასურსათო გადამმუშავებელ იმ საწარმოებს, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან; ვხვდებით ფერმერებს. ქვემო ქართლში განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიზიტი აზოტის საწარმოში. მოგეხსენებათ, რომ ეს წარმოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე სოფლის მეურნეობის განვითარების, სასუქების წარმოების ნაწილში; ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელსაც აზოტის საწარმო ახორციელებს, ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითოა. როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი კომპანიები მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან გარემოსდაცვით საკითხებს, ხაზგასასმელი და აღსანიშნავია, – განაცხადა მინისტრმა ვიზიტის შეჯამების დროს.
მინისტრმა ქვემო ქართლში ხრამ-არხის სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა და შპს საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებს და მოსახლეობას შეხვდა.
ქვემო ქართლის მხარეში დავით სონღულაშვილი რძის გადამმუშავებელ საწარმოში „თელეთის რძის პროდუქტები“ იმყოფებოდა, სადაც ფერმერებისგან მოისმინა ინფორმაცია დარგში არსებულ გამოწვევებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებსაც ესტუმრა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
„რეგიონებში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე გავეცნოთ ფერმერების ინტერესებს, გავიგოთ რა გამოწვევები არსებობს და პირდაპირ ფერმერებთან ურთიერთობით მოხდეს შესაბამისი რეაგირებები. ასევე მნიშვნელოვანია, ადგილზე ვნახოთ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი აგროგადამუშავების საწარმოები როგორ ვითარდება. საბოლოო ჯამში, სტატისტიკა აღრიცხავს ყველაფერს. სტატისტიკის მიხედვით გვაქვს ზრდა წარმოებაში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხაზგასასმელი ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სწორ, თანმიმდევრულ პოლიტიკას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.