გიორგი კვირიკაშვილი: 8 ოქტომბერს, გავცეთ პასუხი – გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არ არსებობს დისტანცია მთავრობასა და ხალხს შორის

„8 ოქტომბერს არავინ არ დავრჩეთ სახლში, ყველა მივიდეთ და გავცეთ ამ კითხვას პასუხი – გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არ არსებობს დისტანცია მთავრობასა და ხალხს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მიმართა, რომ ზუსტად ერთ კვირაში ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ როგორ საქართველოში სურს ცხოვრება. „ეს ყველაფერი 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა. მე გილოცავთ 4 წლის იუბილეს იმ დიდი გამარჯვებიდან. ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული მართლაც გმირული ნაბიჯი, ქართველ ხალხთან ერთად, გახდა საფუძველი გამარჯვების, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი, შეცვალა იქითკენ, რომ დღეს თქვენ ხედავთ – როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის არ ვერჩით, აღარ არის ქუჩებში ადამიანების ცემით სიკვდილამდე მიყვანა, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანებს არ აქვთ შიში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ოთხი წლის განმავლობაში გადაწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯამრთელობის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის დახმარება. “დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უბრუნდება სოფელს, საკუთარ საქმეს. სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, უზრუნველყოფილი მეტი სტაბილურობა ქვეყანაში. რჩება ოკუპაციის პრობლემა, ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმით, რაც არის, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ – დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო; დღეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს მოქალაქეებს – მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ინფრასტრუქტურით, განვითარებული განათლების სისტემით, მმართველობის სისტემით კიდე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკით ისეთ ქვეყანად, სადაც თითეულ ჩვენგანს გაუხარდება ცხოვრება. ეს არის აბსოლუტური რეალობა.ამ გეგმით ცხოვრობთ, ამ გეგმით ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ, ვათენებთ და ვაღამებთ, რადგან ზუსტად ეს არის რეალობა, ეს არის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნის და ადამიანის სიყვარულზე აგებული გეგმა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ, 8 ოქტომბერს არავინ არ დავრჩეთ სახლში, ყველა მივიდეთ და გავცეთ ამ კითხვას პასუხი – გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არ არსებობს დისტანცია მთავრობასა და ხალხს შორის, სადაც მთავრობას შეიარაღებული ასეულები არ იცავენ, სადაც ჩვენ ჩვენს ხალხთან ვდგავართ, გვესმის თითოეული ადამიანის ტკივილი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები