აი, ასე გაჭირვებულად ცხოვრობს შალვა ნათელაშვილი – სოსო შატბერაშვილი

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „მარშალპრესის“ პრესკლუბში, ის დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც შალვა ნათელაშვილის მიერ ბოლო წლებში დახარჯული სახაზინო თანხებია დასახელებული.
„შალვა ნათელაშვილი ისეთივე გადამტრიალებელია, როგორც „ნაციონალები“. ის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდება 8 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის გამთენიამდე, აღვირახსნილ „ნაციონალ“ ბელადებთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ წუხელ გვიან ღამით, გენერალური აუდიტის დასკვნა მომაწოდეს, თუ რამდენად ადეკვატურია, რამდენად თანხვედრილია შალვა ნათელაშვილის ცხოვრების წესი, იმ პოლიტიკური ლოზუნგებთან, რომელსაც ის აცხადებს. „თავისუფლება მუშებს“, „თავისუფლება მშრომელებს“, და რამდენად ღარიბად ცხოვრობს თვითონ. აი, სწორედ ამ აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარტო ბოლო წლებში შალვა ნათელაშვილის სახაზინო შემოსავალი, ხალხის ფული არის 6 მილიონი. ეს 6 000 000 რაში იხარჯება?
მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე დახარჯულია – 60 000 ლარი;
საოფისე ავეჯი და ტექნიკა – 34 137 ლარი;
საწვავზე ერთ თვეში დახარჯული აქვს – 34 328 ლარი; ( ის ამდენ საწვავს, რა თქმა უნდა, ერთ თვეში ვერ დახარჯავდა, ეს არის ფულის გათეთრება)
კომუნალური გადასახადები – 31 837 ლარი; (ესეც, რა თქმა უნდა, ფულის გათეთრებაა)
სამივლინებო ხარჯები – ერთ თვეში 78 00 აქვს დახარჯული.
თქვენ რომ ნახოთ, როგორ სასტუმროებში ცხოვრობდა… ჩვენ მოგვდის ქართული დიასპორიდან ინფორმაცია, რომ შალვა ნათელაშვილს ნახულობენ, ვაშინგტონში, ნიუ–იორკში, ვენაში, პარიზსა და სხვადასხვა ევროპულ დიდ ქალაქებში. 500, 600, 700 ევრო აქვს გადახდილი ერთ დღე–ღამეში მეუღლესთან ერთად. ის მარტო არსად დაბრძანდება, ყველგან დაატარებს ქალბატონ ბელა ალანიას. ეს ჩვენი საქმე არ არის, მეუღლესთან ერთად ივლის თუ არა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ეს ხალხის ფულია, მე ვლაპარაკობ სახაზინო შემოსავალზე.
პარტიის ქონება ერთ წელიწადში გაიზარდა – 128 000 ლარით; (ესეც ფულის გათეთრებაა) ამავე დროს საყოველთაოდ ცნობილია, ქალბატონი ბელა ალანიას ავსტრიული საბანკო ანგარიშები…
და კიდევ ერთი ინფორმაცია – 26 აგვისტოს შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“– ის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა, ვითომცდა რეკლამებისთვის. იმ დროს როდესაც, მას უამრავი უფასო საეთერო დრო აქვს, „რუსთავი 2“–ზე და სხვა ტელევიზიებზეც, მიუხედავად ამისა 10 000 –ია გადარიცხული.
მე თქვენ მოგახსენეთ, უფლებადაკარგულ, ხელისუფლება ჩამორთმეულ მილიარდერების გვერდით მდგომი, ღარიბის ხალხის ლიდერი, მშრომელთა ბელადი, მუშათა წინამძღოლი, რამდენად ღარიბი და რამდენად გაჭირვებულად ცხოვრობს შალვა ნათელაშვილი“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები