პრეზიდენტი რომის პაპს: თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია

“თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული.
„ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არიან. ჩვენგან სულ რაღაც ორმოცამდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს.
ჩვენგან სულ რაღაც ორმოცამდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას და ამის მიუხედავად, არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დევნილი მოსახლეობის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ თავანთი საცხოვრებელი ადგილები.
„მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს დეოკუპაცია და მშვიდობა რეგიონში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები