გია ვოლსკი: ეჭვი არ მეპარება, “ქართული ოცნება” საკმაოდ მყარი პოზიციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
ვოლსკი ტელეკომპანია “იმედის” მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს ენდობა და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” დამაჯერებელი სხვაობა აქვს სხვა პარტიებთან მიმართებაში.
“გადაწყვეტილთა შორის, ნახევარზე მეტი “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს. ეს ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ ამომრჩეველთა 55% არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მხოლოდ პროპორციული სიით. თუ ამას მაჟორიტართა სიაც დაემატება, რაშიც ეჭვი არ მეპარება, “ქართული ოცნება” საკმაოდ მყარი პოზიციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
“იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა, თუ რომელი პარტიისკენ იხრებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ არჩევნებში ხმას. აღნიშნული მონაცემები ასეთია:
“ქართული ოცნება” – 42,4%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 18,8%. “თავისუფალი დემოკრატები” ამ შემთხვევაში 5,8%-ს, “პატრიოტთა ალიანსი” 5,4%-ს, ხოლო “ლეიბორისტული პარტია” 4,5%-ს მიიღებს.
რაც შეეხება “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” და “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”, ორივე მათგანს თანაბარი – 3,2% აქვს. ბევრად არ იცვლება სხვა პარტიების მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა 13,6%-მდე ჩამოდის.
სოციოლოგიური კვლევა, ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “JPM Strategic Solutions”-მა საქართველოს მასშტაბით, 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები