უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მერვე სხდომა გამართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს და შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორის კომისიასთან ყველა საარჩევნო სუბიექტი თანამშრომლობს. მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც კომისიის წინა სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის მიერ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კომისიისთვის გაგზავნილი ყველა წერილი და „ცხელ ხაზზე“ დატოვებული ყველა შეტყობინება რეაგირებისთვისთვის შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნა. უწყებათაშორისი კომისიის სამდივნომ კი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აცნობა იმ რეაგირების შესახებ, რაც პარტიის შეტყობინებებსა და განცხადებებს მოჰყვა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ვიდეორგოლის – “ძალა ვნებს არჩევნებს” ჩვენება გაიმართა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაწერეს. პოლიტიკოსები − პარტიის ცნობილი სახეები − ამომრჩევლებს მოუწოდებენ, კარგად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას, და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს იუსტიციის მინისტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შესთავაზა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ უპრეცედენტო საარჩევნო რგოლში, რომელსაც ერთი სათქმელი ექნება − „ძალა ვნებს არჩევნებს“. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები საქართველოში არასდროს გაერთიანებულან ერთიანი მოწოდებით არჩევნებზე ძალადობის წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრის წინადადებას 11 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა. საინფორმაციო კამპანიის წარმოების, ისევე როგორც კლიპის დამზადებისა და განთავსების, ხარჯები იუსტიციის სამინისტრომ გაიღო.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; ასევე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაში მონაწილოებდა, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციით დაემატა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები