კახა კალაძე: “რუსთავი 2”-ს იყენებენ იარაღად თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯერ უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა „ოპონენტ ლიდერებს უკვე ავთენტურობაც დადგენილი აქვთ და ექსპერტობაც შეთავსებული“.
„რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს. დაიწყოს, დადგინდეს ავთენტურობა, თუმცა ოპონენტებიდან გარკვეულ ლიდერს უკვე ავთენტურობაც დადგენილი აქვთ, ექსპერტობაც შეთავსებული. ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. აქ არის საუბარი გადატრიალების შესახებ, აქ არის საუბარი კონკრეტული ტელევიზიის, “რუსთავი 2”-ის შესახებ, რაც ძალიან მძიმეა – “რუსთავი 2”-ს იყენებენ იარაღად თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეგიტპოლზე იყო საუბარი, “რუსთავი 2” გააკეთებს ისეთ კვლევას  გამოაქვეყნებს, რომელიც იქნება გაყალბებული, რომელსაც ატარებს თარხნიშვილი და მისი ცოლი. ეს ადამიანები ცნობილნი არიან, როგორც გამყალბებლები, კვლევაში იქნება მოცემული პარტიების რეიტინგები, სადაც ალბათ “ნაციონალური მოძრაობა” გაუსწრებს “ქართულ ოცნებას” ან შეიძლება ცოტათი “ქართულმა ოცნებამ” გაუსწროს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ. შემდეგ, არჩევნების დღეს ეგზიტპოლები იქნება და რეალური შედეგი, რაც დაიდება, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით იმ განწყობებით და იმ დამოკიდებულებით, რაც საზოგადოებაში არის, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს და ჩვენი გუნდის გამარჯვება არის გარდაუვალი. ისინი ტელევიზიის საშუალებით ეცდებიან თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის სრული სურათი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები