გია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძე ბავშვობაშიც მსუბუქი ადამიანი იყო, თუმცა საყვარელი, ვიდრე ახლა არის

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პაატა ბურჭულაძის ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ მათ ერთი სკოლა დაამთავრეს. როგორც გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაატა ბურჭულაძე ბავშვობაშიც მსუბუქი ადამიანი იყო.
“მე არ მომწონს არც ”გირჩი” და არც პაატა ბურჭულაძე. პაატა ბურჭულაძემ ჩემი სკოლა დაამთავრა, ორი კლასით წინ იყო. ბავშვობაშიც ისეთი მსუბუქი, თუმცა მაშინ უფრო საყვარელი ადამიანი იყო. ახლა როგორც კი პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, თითქოს თავის გარემოში არ არის და რაღაც დავალებით მოქმედებს. კარგი იმიჯი რაც ჰქონდა, როგორც საქართველოს სახელის გამტან ადამიანს, უცბად, ორ დღეში დაკარგა და გახდა პოლიტიკოსი, რომელიც ჭორაობს, აჭარტალებს ენას, ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე, რაც თითქოს მისი არ არის”, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
პარლამენტის დეპუტატს საარჩევნო გაერთიანებაში ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მომხდარი დაპირისპირება ბუნებრივ პროცესად მიაჩნია.
”იმასთან დაკავშირებით, რაც ზედაპირზე დევს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ”გირჩი”, გიორგი ვაშაძე, ”ნაციონალური მოძრაობის” ნიშაში შეიჭრნენ, მაგრამ მათ ქარიზმატული ლიდერი აკლდათ. ეს ვერც ერთმა ვერ ”გაქაჩა”. პაატა ბურჭულაძემ ერთი პერიოდი რეიტინგი ”აწია”, რადგან არის ის, რომ ”თვალი ჭამს და თვალი სვამს”. ის ერთ დღეში მათ ლიდერად მოგვევლინა ისე, რომ თავისიანებსაც არაფერი ჰკითხა. იმათაც (”გირჩი”, გიორგი ვაშაძე) თავიანთი ამბიციები აქვთ, თუნდაც გიორგი ვაშაძის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მის პოლიტიკურ იერარქიის ადგილზე იყო მსჯელობა. ზურაბ ჯაფარიძესაც თავისი რეიტინგი ჰქონდა – ჰგონია, რომ დიდი პოლიტიკოსი და ეკონომისტია, პავლე კუბლაშვილი მსოფლიოში ყველაზე დიდი იურისტია, ხოლო პაატა, რომელმაც არც იურისპუდენცია იცის, არც ეკონომიკა ესმის და არც პოლიტიკა, უცებ ამათი უფროსი გახდა. რასაკვირველია, ეს შიგნით დაპირისპირებას გამოიწვევდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საარჩევნო ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ”გირჩმა” დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები