გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების პროცესშია

„მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების პროცესშია“ , – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2014 წლის ინტერვიუებში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ გზასა და ”ბიძინა ივანიშვილის დამხობაზე” საუბრობს.
”ნაციონალურ მოძრაობას” ეგონა, რომ დასავლეთი დაგვტუქსავდა და ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა იმის გამო, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობებს, არ მომხდარიყო ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა, ხელი შეშლოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მომხდარიყო ნატოს სამიტზე ჩვენი დატუქსვა, ევროპარლამენტისა და საქართველო-ევრონესტის ფორმატში 17 შესწორება შეიტანეს, რომელთაგან კიდევ კარგი, არც ერთი არ გავიდა. ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის დარაზმვა, რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლა და მასთან ისედაც მწვავე და მტკივნეული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება, ესეც ხუნტას გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა ეს გეგმა ჩაიშალა და დარჩა ერთი – რევოლუციის პროექტი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთანავე, ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი შესაბამისი ორგანოებისგან მეტ განმარტებას ითხოვს და დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად უნდა ჩატარდეს.
”საზოგადოებას აინტერესებს – მათ შორის შემხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრი მხარდამჭერი – არის კითხვები, ზოგი სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ რეალურად კაციშვილი არ მეგულება, გარდა ერთი პატარა მარგინალური ჯგუფისა, რომელსაც საქართველოში იმის მოხდენა უნდოდეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები