კიბერუსაფრთხოების ბიურომ და IDI-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა – IDI”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელის მიზანსაც კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების კვლევა და ანალიზი, კიბერუსაფრთხოების სტანდარტების განვითარების ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოების უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.
“კიბერთავდაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა თავდაცვის სამინისტროსთვის და კიბერუსაფრთხოების ბიუროსთვის მეტად საინტერესო და საჭირო საკითხია. სამწუხაროდ, ამ სფეროში არ არის ფართო სპექტრი. ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია კი საქართველოში, კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ფლაგმანი და ლიდერია. რაც შეეხება თანამშრომლობის გზებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ისეთი ტიპის პროექტებში, როგორიც არის ცნობიერების ამაღლება. ვაპირებთ, ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ. მოგეხსენებათ, რომ 22 სექტემბრიდან თავდაცვის სამინისტროში დაიწყო თანამრომლებისათვის სავალდებულო საბაზისო კურსი. ვფიქრობთ, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით ცნობიერების ამაღლების პროექტში და გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა”, – განაცხადა ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” ხელმძღვანელმა, ლადო სვანაძემ ჩვენთან საუბრისას, ასევე, ხაზი გაუსვა საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ კიბერთავდაცვა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გასაუმჯობესებლადაც ერთობლივი სამუშაოა გასაწევი.
“კიბერთავდაცვის სფეროში ეს პირველი მემორანდუმია, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის გაფორმდა. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს. ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კიბერთავდაცვა. აქ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული როგორც სახელმწიფო სექტორი, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორი. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლების და ამ სფეროს ექსპერტების ჩართულობაც. რაც შეეხება თანამშრომლობის სფეროებს, რამდენიმეს გამოვყოფდი. მათ შორის: ერთობლივი ტრენინგების ჩატარება და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა სვანაძემ.
IMG_1007                                                          IMG_1004

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები