ვიქტორ დოლიძე: რასაც ამ აუდიოჩანაწერში მოვუსმინე, არის საფრთხისა და დანაშაულის შემცველი

პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, “კვირასთან“ აფასებს.
როგორც დოლიძე აცხადებს, ის დიალოგები, რაც აუდიოჩანაწერში ისმის, საფრთხისა და დანაშაულის შემცველია, თუმცა მისი თქმით,  აუდიოფირის ავთენტურობა დასადგენია.
„მე რასაც ამ აუდიოჩანაწერში მოვუსმინე, არის საფრთხისა და დანაშაულის შემცველი, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ამ ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და თუკი არის ამგვარი საფრთხე, მერე პრევენცია მოხდეს. ის, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ მოძალადეა, ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ შემცვლია და არც შემეცვლება. ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მოძალადეები იყვნენ, წავიდნენ და ახლა იმავეს აგრძელებენ. ამიტომ მათგან ასეთი საუბრის შინაარსი გასაკვირი არ იქნება, მაგრამ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, სანამ არ დადგინდება ავთენტურობა. უმჯობესი იყო ხელისუფლება გამოსულიყო, ეთქვა, რომ მოუსმინეს იმიტომ, რომ არსებობდა საფრთხე დესტაბილიზაციისა“, – განუცხადა “კვირას“ ვიქტორ დოლიძემ.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები