პრეზიდენტი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი”, – ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ აუდიოჩანაწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გაახმაურა.
როგორც მიშველაძემ პრეზიდენტის სახელით აღნიშნა,  2016 წლის საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოებში.
არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში, არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ.
ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა.
პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, 8 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა მიშველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები